მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეხეთი საზოგადოებრივი მაუწყებლის სალიცენზიო მოსაკრებელს აუქმებს - საზოგადოება პრესის თავისუფლების საფრთხეზე საუბრობს

ჩეხეთი

ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლით დაფინანსებას აუქმებს და მას პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებით ანაცვლებს.

ჟურნალისტების, მედიის თავისუფლების დამცველი ჯგუფებისა და ათიათასობით მოქალაქის შეფასებით, ეს ცვლილება სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

კანონპროექტი, რომელიც ორშაბათს დამტკიცდა, "ჩეხეთის ტელევიზიასა" და "ჩეხეთის რადიოს" ეხება. მოსაკრებლის ნაცვლად, ისინი მიიღებენ ფიქსირებულ წლიურ თანხებს, რომლებიც 2008-2024 წლებში (სანამ წინა, მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა შარშან მათ გაზრდიდა) სალიცენზიო მოსაკრებლიდან მიღებულ შემოსავლებთან იქნება მიახლოებული.

კულტურის მინისტრმა ოტო კლემპირმა, პარტია "მოტორისტებიდან", ეს ცვლილება ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანილ მოდერნიზაციად შეაფასა.

"ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას, რომლებმაც უკვე თქვეს უარი დაფინანსების ამ მოძველებულ მეთოდზე", - განაცხადა მან პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაბიშმა, მილიარდერმა და პარტია ANO-ს ლიდერმა, ცვლილება მაუწყებლებში ზედამხედველობის ნაკლებობით ახსნა.

"ეს ორი მედიასაშუალება არ ზოგავს ხარჯებს და მათ არავინ აკონტროლებს. და რაც მთავარია, ეს ჩვენს პოლიტიკურ პროგრამაში გვქონდა", - განაცხადა მან.

პროტესტის ნიშნად, "ჩეხეთის ტელევიზიისა" და "ჩეხეთის რადიოს" თანამშრომლებმა 24-საათიანი გაფიცვა დააანონსეს. ისინი შიშობენ, რომ ახალი მოდელი, რომელიც მაუწყებლებს ფინანსურად სახელმწიფოს წლიურ ასიგნებებზე დამოკიდებულს გახდის, მათ მმართველი კოალიციის მხრიდან პოლიტიკური წნეხის წინაშე დატოვებს.

კანონპროექტის დაანონსების დღიდან საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. მარტში პრაღაში გამართულ მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაზე, რომელშიც 200 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ეს ერთ-ერთი მთავარი საპროტესტო საკითხი იყო.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) კანონპროექტს მკაცრად გმობს. მათ ამ ინიციატივას "აბსურდული", ხოლო თანმხლებ დაფინანსების შემცირებას "რადიკალური" უწოდეს. მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის გაფრთხილებით, ეს რეფორმა "ჩეხეთის საზოგადოებრივი მედიის ფუნქციონირებაში შემდგომი არაპროპორციული ჩარევისთვის პოლიტიკურ პრეცედენტს ქმნის".

RSF ღიად საუბრობს უფრო ფართო შედეგებზე: "ამ სიურრეალისტური მოგზაურობის ბოლოს ვიღებთ საზოგადოებრივი მაუწყებლობის დასუსტებულ დამოუკიდებლობას, რაც დემოკრატიისთვის ჩიხია".

ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა ევროკომისიას, "გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალებშია", რათა არსებული დაფინანსების მოდელის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი.

კანონის ძალაში შესვლამდე მას რთული საპარლამენტო გზა აქვს გასავლელი. მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერის შემდეგ, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე (დაგეგმილი ამოქმედების თარიღამდე), პროექტი ჩეხეთის პარლამენტის ორმა პალატამ უნდა მიიღოს და პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები