ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
აღსანიშნავია, რომ რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, რომელიც მან დაახლოებით ერთი წლის წინ დატოვა.
"რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო უწყებაში 1996 წლიდან მუშაობს. 2009-2013 წლებში ის იყო ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2013-2015 წლებში - საგანგებო დავალებათა ელჩი.
რუსლან აბაშიძეს საჯარო უწყებებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობებს.
რუსლან აბაშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ რუსლან აბაშიძე 2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2015-2018 წლებში "პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის" მრჩეველი, 2017-2018 წლებში კი მისი დირექტორი.
შეგახსენებთ, ჩეხეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა თეა მაისურაძემ თანამდებობა გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც "ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაპაუზებაზე.




























