მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩელთი“ პრემიუმ ღვინოების ხაზის „Heritage - მემკვიდრეობის“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

ჩელთი

„ჩელთის“ პრემიუმ რეზერვი ღვინოების ხაზი „Heritage-მემკვიდრეობა“ გასულ წელს, ნოემბერში ამოქმედდა და წელს უკვე, გარდა ამერიკისა და გერმანიისა, ყაზახეთისა და ადგილობრივ საქართველოს ბაზრებზეცაა წარმოდგენილი. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობა „ჩელთის“ თანადამფუძნებელმა, ანა მირიანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჩელთის“ მემკვიდრეობის კოლექციას ყველაზე გამორჩეული წლების მოსავლის ღვინოებს აერთიანებს. ესენია: 2007,2008, 2015 და 2016 წლის საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც ქვევრის ასევე მუხის კასრში დაძველებული. განსაკუთრებული მოსავლის ღვინოებს არაერთი მსოფლიო ჯილდო აქვს მოპოვებული.

„პრემიუმ რეზერვის ღვინოებზე მოთხოვნა საექსპორტო ბაზრების მხრიდან მზარდია, რომლებშიც ჩვენი ღვინო მალე დაემატება. კერძოდ იაპონია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია და ა.შ.

იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, იმ ქვეყნებში სადაც მცირე საექსპორტო აქტივობები გვაქვს, გვინდა პოზიციები მეტად გავამყაროთ და „Heritage-მემკვიდრეობის“ ხაზითაც შევიდეთ.

ეს კოლექცია არის, ძალიან ლიმიტირებული საოჯახო რეზერვი. ღვინოებს ეტიკეტზევე აწერია ამ ჯიშის რამდენი ბოთლი ღვინოა ჩამოსხმული. აქედან გამომდინარე, ბაზრების დივერსიფიკაცია გვინდა მოვახდინოთ და ჩვენი პრემიუმ რეზერვის ღვინოები ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომი გავხადოთ.

რაც შეეხება „Heritage-მემკვიდრეობის“ ღვინოების ფასებს, ეს დამოკიდებულია ღვინის ისტორიაზე, მის მიღწევებსა და ასევე მის რაოდენობაზეც. ღვინოების ხაზის „Heritage -მემკვიდრეობა“ ღირებულება 120 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს, „-აცხადებს მირიანაშვილი.

მისივე ცნობით, ღვინის დაძველება საოჯახო ტრადიციაა და ეს ტრადიცია კვლავაც გრძელდება. ყოველწლიურად ღვინოების დარეზერვება ხდება და შესაბამისად, პრემიუმ რეზერვებს ახალი კოლექციებიც დაემატებათ.

შეგახსენებთ, „ჩელთი“ ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს, რომლის საექსპორტო პორტფელში 27 -ზე მეტი ბაზარია გაერთიანებული. კომპანიაში ექსპორტის წილს 70% უკავია, ადგილობრივს - 30%, თუმცა ეს რიცხვი მუდმივად ცვალებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები