მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი პოზიცია იყო, ენერგეტიკული ბირჟა მკაცრი მიდგომებით გაგვეხსნა" - თორნიკე ბახტურიძე

ბახტურიძე

1 ივლისს სატესტო რეჟიმში ამოქმედებული ენერგეტიკული ბირჟის პირველ კვირას BMG-სთან კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორი თორნიკე ბახტურიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ არსებულ რეჟიმში მოქმედმა ბირჟამ, შესაძლოა, სკეპტიციზმი გააძლიეროს.

"ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ თუ მოსალოდნელი სარგებელი აჩვენებდა, რომ ბირჟის გახსნა სექტორისთვის სასარგებლო იქნებოდა, მაშინ უნდა გაგვეხსნა საკმაოდ მკაცრი მიდგომით, თუ არა და - საერთოდ არა. მოხდა ისე, რომ ბირჟა გაიხსნა, მაგრამ არასავალდებულო რეჟიმში. პირველ დღეს არ შედგა ვაჭრობა, მეორე დღეს შედგა... ახლა დაკვირვების რეჟიმია და ამან შესაძლოა, სკეპტიციზმი გააძლიეროს, რომ ბირჟა ვერ მუშაობს - იმედია, ეს გადაილახება.

სრულფასოვან გახსნას ვემხრობოდი, საფრთხეების და გამოწვევების არსებობის შემთხვევაში კი საერთოდ არ გახსნას. ჩვენთვის აუცილებელი ენერგოუსაფრთხოება და მიწოდების უწყვეტობაა. მიწოდების უწყვეტობას სახელმწიფო ისედაც უზრუნველყოფს, დიდი ხანია, დენის გათიშვები არ ხდება და, თუ ხდება, ეს სადისტრიბუციო კომპანიების ქსელის გაუმართაობით და არა - სახელმწიფოსი. ამიტომ, ბალანსირებას და ქსელის მართვას სახელმწიფო ბირჟის გარეშეც გაართმევდა თავს", - აღნიშნავს თორნიკე ბახტურიძე.

1 ივლისს ამოქმედებული ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

სემეკის ინფორმაციით, ბირჟაზე ამ დროისთვის 6 მონაწილეა რეგისტრირებული, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები