Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან, მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კარგი იქნება, თუმცა არ პასუხობს კითხვას, გადაუხვია თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ევროპულ გზას.
"- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
- მე პოლიტიკაში არ ვარ.
- ევროკავშირში გაწევრიანებას მიესალმებით თუ არა?
- ძალიან კარგი საქმეა. მივესალმები კონტაქტებს ყველასთან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველასთან ვიყოთ მეგობრულ ურთიერთობაში.
- და თვითონ ევროკავშირში გაწევრიანება?
- ძალიან კარგი იქნება თუ გავწევრიანდებით.
- რუსეთთან როგორი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს?
- 700 კილომეტრი საზღვარი გვაქვს და მეზობლური, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველასთან.
- ფიქრობთ თუ არა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპულ გზას გადაუხვია?
- ჩემი საფიქრალი ეგ არ არის. ჩემი საფიქრალი არის ბიზნესთან დაკავშირებით და რა წაადგება ქართველ ხალხს.
- რას ფიქრობთ, რა წაადგება ქართველ ხალხს?
- წაადგება ერთი რამე, რომ იყოს ყველასთან მეგობრულ ურთიერთობაში. პატარა ქვეყანა ვართ და
ომი არავისთან გვინდა.
- ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს როგორ აფასებთ?
- არ ვარ პოლიტიკოსი. არ არის ეგ ჩემი თემა.
- მაგრამ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპულ გზას გადაუხვია.
- არ არის ეგ ჩემი საქმე-მეთქი, ჩემი განსასაზღვრი ეგ არ არის", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.