მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩემი სურვილია, კლინიკებისთვის ანაზღაურების ვადები ორ თვემდე შემცირდეს - მინისტრი

64abf47e1202b
მარიამ ვარადაშვილი
10.07.23 16:10
493
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების მიმართ მიმდინარე დავალიანება არ აქვს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ასევე თქვა, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების წესი და ხარჯები შესაბამისად დაგეგმონ.

კერძოდ, მთავრობის დადგენილების თანახმად, კლინიკის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სრული ვადა განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარებიდან, 73 სამუშაო დღით. აზარაშვილის მტკიცებით, შეუძლებელია პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებმა ანაზღაურება ყოველთვიურად მიიღონ.

"გარკვეული პერიოდი, შესაძლოა, დაგვიანება იყო. ნოემბრიდან ახალ სისტემაზე რომ გადავედით კლინიკებისთვის ესეც სიახლე იყო. ვთვლით, რომ ახალ სისტემას ეჩვევიან და სანქციები გამოყენებული არ არის, თუმცა თებერვლის შემდეგ ეს ფაქტები რომ ფიქსირდება, ინდივიდუალურად გვიწევს კლინიკებთან გავლა. აუცილებელია კლინიკის მხრიდან დადასტურება იმისთვის, რომ კორექტირება მოხდეს. ბევრი შემთხვევა იყო, როცა კლინიკები არ ეთანხმებოდნენ და ამიტომ ამ თვეებში [გადახდა] ცოტა დაგვიანდა. თუმცა, მარტის ჩათვლით კლინიკებთან ყველანაირი დავალიანება გასწორებული გვაქვს. უკვე ვართ შესაბამისობაში იმ კონტრაქტთან, რაც სერვისის მიმწოდებელსა და სამინისტროს შორის არსებობს. ის სამთვიანი პერიოდი, რაც არის ამ ვადებს ვიცავთ და ჩემი დიდი სურვილია, რომ ორ თვემდე ჩამოვიდეთ ანაზღაურების ნაწილში. წინასწარ განსაზღვრული კონტრაქტით ეს სამთვიანი დაგვიანებები ისედაც ცხადია. ყოველთვიურად თუ რამე ხარჯია გასაწევი, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. კერძოდ ის, რომ წინა თვეში ჩატარებული სამედიცინო ჩარევის თანხა მომდევნო თვეში არ ირიცხება. ეს თეორიულადაც ვერ მოხდება, რადგან მომდევნო ერთი თვის ვადაში აქვთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდგომ ხდება განხილვა",-ამბობს აზარაშვილი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შრომის ინსპექციამ კლინიკები მედპერსონალისთვის ხელფასების დაგვიანების გამო გააფრთხილა. როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ bm.ge-თან განაცხადა, თუ კლინიკა პერსონალს ხელფასებს დროულად არ გადაუხდის, ინსპექცია თავისი მანდატის ფარგლებში სამინისტროსგან მოითხოვს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ანაზღაურება კლინიკას დაუკავოს.


ვრცლად ამ თემაზე: სამინისტროს კლინიკების დავალიანება აქვს - „მოგვიწოდებენ, ხელფასების გასაცემად სესხი ავიღოთ“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები