ჩემმა წარმომადგენლებმა არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მან მადლობა გადაუხადა თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილის, რომლებიც პრეზიდენტის ინტერესებს სასამართლოში იცავენ.
"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი", - წერა ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძისა და სხვა, სულ 80 პირის, კონსტიტუციურ წარდგინებას სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე განიხილავს.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.
პროცესში ხვალ, 11:00 საათზე განახლდება.