მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

პიტ ჰეგსეტი

კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, თომას მასიმ აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რეზოლუცია დაარეგისტრირა.

წარდგენილი დოკუმენტი უმძიმეს სამოხელეო დანაშაულებსა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეფუძნება, კენჭისყრა კი წარმომადგენელთა პალატაში მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა ეს ინიციატივა თავდაპირველად შუალედურ არჩევნებამდე წამოაყენა, თუმცა მაშინ პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა კენჭისყრის თავიდან ასაცილებლად ნაადრევი არდადეგები გამოაცხადა, რის გამოც რეზოლუციას ვადა გაუვიდა.

ინფორმაციისთვის, რვაპუნქტიანი საბრალდებო დასკვნის მთავარი ნაწილი საომარი უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციის დარღვევით ირანისა და იემენის წინააღმდეგ უკანონო ომის წარმოებას, ასევე კონგრესის თანხმობის გარეშე ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებას ეხება.

ამასთან, კონგრესმენი პენტაგონის ხელმძღვანელს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმიზაციის კანონების უგულებელყოფასა და კარიბის ზღვასა თუ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სავარაუდო ნავებზე განხორციელებული დარტყმებისას „გასამართლების გარეშე მკვლელობების“ დაშვებაში ადანაშაულებს.

ბრალდებებს შორის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაც მოხვდა, რაც არიზონელი დემოკრატი სენატორის, მარკ კელის დასჯის მცდელობას უკავშირდება.

რაც შეეხება თავად თავდაცვის მდივნისა და კონგრესის პოზიციებს, ჰეგსეთმა გასულ ხუთშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საკუთარი საქმიანობა დაიცვა და კონგრესმენის ინიციატივას „იმპიჩმენტის საცოდავი მცდელობა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ მსგავსმა მეთოდმა შედეგი ვერც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ გამოიღო და ვერც მის შემთხვევაში იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი წარმომადგენელთა პალატის მომავალმა სპიკერმა, დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა, თუმცა რესპუბლიკელთა ნაწილი პროცესს სკეპტიკურად უყურებს.

ოჰაიოელმა კონგრესმენმა, უორენ დევიდსონმა NPR-თან საუბრისას განმარტა, რომ ჰეგსეთის „განტევების ვაცად“ ქცევა შეცდომა და თვალთმაქცობაა, რადგან კორეის ომიდან მოყოლებული ყველა ადმინისტრაცია კონგრესის საომარ უფლებამოსილებებს უგულებელყოფს.

მისი შეფასებით, კანონმდებლებმა ცვლილებების მისაღწევად კონფლიქტის დაფინანსების შეზღუდვის ბერკეტი უნდა გამოიყენონ, თავად თეთრმა სახლმა კი კონგრესსა და საზოგადოებას ირანის ომის სამომავლო გეგმა უკეთ უნდა აუხსნას.

საყურადღებოა, რომ პოლიტიკური ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, ყველა დემოკრატის, თავად მასისა და რამდენიმე რესპუბლიკელის მხარდაჭერით, წარმომადგენელთა პალატაში ჰეგსეთის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები, სავარაუდოდ, მოგროვდება.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროცესმა სენატის მაღალი ბარიერი გადალახოს, სადაც მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გადასაყენებლად კანონმდებელთა ხმების ორი მესამედია აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები