ამერიკის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს ასე უპასუხა:
"ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში სწავლობს, სადაც ის კერძო თვითმფრინავით პირადად ყოფილმა პრემიერმა ჩაიყვანა.
თელავში, დღეს, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით".
“ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ უვიზო რეჟიმი. დღეს თქვენ თავისუფლად, რომ გადაადგილდებით ევროპაში და არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს უნდა დააფასოთ. ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ. ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.