მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემთვის წარმატებაა, როცა არასდროს ჩერდები!“ - მარიამ კოშაძე, საქართველოს ბანკის საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

მარიამ კოშაძე
15.01.24 14:36
2720
სტატიაში საუბარია:

თანამშრომლების კმაყოფილება ის მთავარი საზომია, რომელიც ორგანიზაციის წარმატებას განსაზღვრავს. პიროვნული და კარიერული განვითარების შესაძლებლობის შექმნა, საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის ხელშეწყობა ის გადამწყვეტი ფაქტორებია, რომლებიც ინდივიდებში კომპანიისადმი ლოიალობის გრძნობას წარმოშობს და მათ გრძელვადიან თანამშრომლობას განაპირობებს. ამ პრაქტიკის იმპლემენტაციას აქტიურად ახორციელებს საქართველოს ბანკი, რომელიც მიზნად ისახავს, თითოეულ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი.

საქართველოს ბანკში კარიერული განვითარების გრძელი და საინტერესო გზა გაიარა მარიამ კოშაძემ, რომელიც ამჟამად საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ის საქართველოს ბანკის გუნდს 2006 წელს შეუერთდა, ეს იყო მისი პირველი სამსახური, სადაც დღემდე აგრძელებს განვითარებასა და წინსვლას. თავდაპირველად, ის „ფრონტში“ მუშაობდა, სადაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა მომხმარებელთან. როგორც ამბობს, „მათი კმაყოფილება იყო ჩემი მოტივაციის ინდიკატორი“. შემდეგ იყო კორპორატიული სესხების ადმინისტრატორის პოზიცია, საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტში - „მუდმივად ახალი გამოწვევები და განსხვავებული სიტუაციები არ მაძლევდა მოდუნების შესაძლებლობას“. თუმცა, აქ არ გაჩერდა და კვლავ გააგრძელა კარიერულ საფეხურზე წინსვლა.

„ჩემი შემდეგი პროფესიული საფეხური კორპორატიული სესხების და ვაჭრობის ფინანსირების ადმინისტრირების სამსახურის უფროსობა იყო - პირველი მენეჯერული საფეხური, სავსე პასუხისმგებლობებით და ახალი გამოწვევებით“. 2020 წელს მარიამი საკრედიტო ადმინისტრირების მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რაც სესხების რეგისტრაციასა და ხელშეკრულებების მომზადებას გულისხმობს. 2023 წლიდან კი უკვე საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ამბობს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთა კმაყოფილება ის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტი იყო, რომლის მიღწევაზეც სხვადასხვა გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროფესიული განვითარების ყოველ საფეხურზე კომპანიის და სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ მის მიმართ გამოხატული ნდობა და მხარდაჭერა იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც არ გაჩერებისკენ უბიძგებდა. კარიერულ გზაზე მიღებული გამოცდილებების შესახებ უფრო დეტალურად ის ინტერვიუში გაგვესაუბრა:

როგორი იყო კარიერულ საფეხურებზე განვითარების პროცესი - რა გეხმარებოდათ და გაძლევდათ მოტივაციას ამ პერიოდში?

ეს ძალიან საინტერესო პროცესია - მუდმივად ახალი სიტუაციებით, ცოდნის მიღების და განვითარების შესაძლებლობებით... რაც მთავარია, ყველა ეტაპზე გუნდის თითოეული წევრისგან ვგრძნობდი ნდობას, დაფასებას, აღიარებას, რაც მაძლევდა უდიდეს მოტივაციას არ გავჩერებულიყავი. ვფიქრობ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ამ კარიერულ საფეხურებზე ჩემი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ის საქმე, რომელსაც ვაკეთებდი, ყოველთვის მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა.

მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?

საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საკრედიტო ხელშეკრულებების მომზადებას და შემდეგ კრედიტების პროგრამულად დამოწმებას. ჩემი მოვალეობა ამ პროცესების ოპტიმალურად მართვაა: პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობის იდენტიფიცირება, მათი გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების დაგეგმვა/იმპლემენტაცია; ასევე, ჩემი გუნდის წევრებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა, მათ განვითარებასა და კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა.

რა ღირებულებას წარმოადგენს თქვენთვის საკრედიტო ადმინისტრირების გუნდი და როგორ ზრუნავთ მომხმარებელზე?

საკრედიტო ადმინისტრირების გუნდი მაღალი კორპორატიული კულტურის მქონე გუნდია, ინოვაციური პროექტებით და მიდგომებით, როგორც თანამშრომლების, ასევე სტეიკჰოლდერების მიმართ. ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ ბიზნესპროცესებში ჩართულ მიმართულებებთან, რათა გავიგოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ მათ მოთხოვნილებებზე მორგებული გადაწყვეტები.

მუდმივად მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად გადიან ტრენინგებს, რათა ჩვენმა ბიზნესებმა გამორჩეული სერვისით ისარგებლონ.

მოკლედ რომ მოგვიყვეთ, როგორ ახდენთ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სერვისის უზრუნველყოფას?

ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ მომხმარებელთა კმაყოფილებას, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით კი ვახდენთ მათი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების იდენტიფიცირებას. შემდეგ კი აქტიურად ვმუშაობთ, რათა არსებული გამოწვევების გადაჭრის ეფექტური გზები ვიპოვოთ. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა დეპარტამენტები.

რა არის უშუალოდ თქვენთვის წარმატება?

ჩემთვის, წარმატების ფორმულა პირველ რიგში თავდაუზოგავი ყოველდღიური შრომა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შესასრულებელი ამოცანების სწორად დაგეგმვა და შენი საქმის სიყვარულია. ამ ყველაფერს ბონუსად კარგი სამუშაო გარემო და გუნდი თუ ახლავს, დიდი ალბათობით წარმატებაც არ დააყოვნებს. ვფიქრობ, ასევეა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც - მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა, გარშემომყოფებზე ზრუნვა, პატარ-პატარა მიზნების დასახვა და ამ მიზნების შესრულებაზე ზრუნვა აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან ყოველდღიურად ახალი ამოცანები და ცვლადები შემოდის შენს ცხოვრებაში, რისი ამოხსნაც კიდევ უფრო უკეთესს გხდის, ვიდრე იყავი გუშინ. ჩემთვის წარმატებაა, როცა არასდროს ჩერდები! წარმატებისთვის, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობა და მიმღებლობა: ყველა სიტუაცია განიხილო და შეაფასო ყველა მხრივ. არა მხოლოდ ერთი კუთხიდან ან ერთი პოზიციით. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელი, რასაც ალტერნატივა არ აქვს, გულწრფელობა და ღია ურთიერთობაა.

რა არის ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც გიბიძგებთ, რომ არ გაჩერდეთ?

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა პირველ რიგში იმ საქმის სიყვარულია, რასაც ვაკეთებ, სადაც ვაკეთებ და რისთვისაც ვაკეთებ. ასევე, ის ხალხი, რომელიც ჩემთან ერთად დაუღალავად და ენთუზიაზმით თავს არ ზოგავს შედეგების და მიზნების მისაღწევად. ამდენ ანთებულ სახეს რომ უყურებ, ვერ ჩერდები! უმოქმედოდ და უინტერესოდ ყოფნა ფაქტიურად შეუძლებელია ჩემთვის, იმისათვის, რომ ჩემ საკუთარ თავთან ვიყო ჰარმონიულ მდგომარეობაში, უნდა მქონდეს საქმე, რომელიც მიყვარს და ყოველდღე სიამოვნებისგან ვიღლებოდე. ეს ყოველივე მაძლევს ძალას, მქონდეს საინტერესო და გამოწვევებით სავსე ცხოვრება.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, გააუმჯობესონ მომხმარებელთა კმაყოფილება?

უყვარდეთ ის საქმე რასაც აკეთებენ. თუ ეს ასე არ არის, აუცილებლად უნდა შეცვალონ ან გარემო ან დამოკიდებულება. სხვაგვარად, პირველ რიგში, თვითონ დაკარგავენ დროს და შედეგებიც დააყოვნებს; იყვნენ უფრო მეტად ცნობისმოყვარეები იმ საქმის შინაარსის მიმართ, რომელსაც აკეთებენ, დასვან ბევრი დამაზუსტებელი კითხვა, ჰქონდეთ ასერტიული ურთიერთობა კოლეგებთან, რაც ვფიქრობ ძალიან დიდი ბენეფიტის მომტანია. რაც მთავარია, მიზნის მიღწევის პროცესში ყოველთვის მიიხედონ უკან, დაფიქრდნენ, გააანალიზონ, როგორც შეცდომები, ასევე მიღწევები და თუ ჩათვლიან საჭიროდ, რომ ეს მიზანი ისევ ღირებულია მათთვის, გააგრძელონ გზა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები