ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ფიზიკური პირის კუთვნილი სასაკლაო შეამოწმეს. შემოწმებისას გაირკვა, რომ ობიექტი სავალდებულო რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდა ცხოველების, კერძოდ გოჭების დაკვლას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ, რათა მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის შესაძლო რისკები თავიდან იქნეს აცილებული.




























