მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია" - მაღაროელები მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ

მაღაროელები

ჭიათურა ბოლო რამდენიმე კვირაა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის პირისპირ დგას საკვებისა და წამლის მუდმივი დანაკლისის გამო - ამ პრობლემებით მიმართეს ჭიათურელმა მაღაროელებმა "ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრს.

"ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3 620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით. მოგეხსენებათ, ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.

მოგმართავთ თხოვნით, გამოგვიგზავნოთ, ან აფთიაქებში უფასო გახადოთ პირველადი დანიშნულების მედიკამენტები, რომელზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება. [ თანდართულია მედიკამენტების სია]

ასევე, გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ კვებაზე. და ბოლოს, გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად", - წერენ მაღაროელები და ამბობენ, რომ ელოდებიან უკუკავშირს.

bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, როგორი იყო რეაგირება უწყების მხრიდან. მასალა, პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპნიმ", რომელიც ამ დროისთვის „ჯორჯიან მანგანეზი“ კონტრაქტორია და ჭიათურის მაღაროებს მართავს, მუნიციპალიტეტში მიწისქვეშა მოპოვებას წამგებიანობის გამო წყვეტდა. მანამდე, 28 თებერვლიდან ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულები კომპანიის მხრიდან ხელფასების დაგვიანების გამო ქალაქის ცენტრში აქციებს მართავენ. სპეციალური მართვის პერიოდში კომპანიის აღებული ვალდებულებით ხელფასების 60%-ის დარიცხვას ითხოვდნენ და მთავრობას მაღაროების ნაციონალიზაციის მოთხოვნით მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები