მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები?

648c3da292e93
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.23 17:12
719
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება და მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. დღეს 10 მოშიმშილეს ერთი მაღაროელი შეუერთდა, რომელმაც პირი ამოიკერა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანია ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

სწორედ ეს ორ საკითხი აღმოჩნდა პროტესტის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანი. მაღაროელების მოთხოვნებზე BM.GE-სთან მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ სურამელაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის პროტესტს 500 მაღაროელი უერთდება, რომელთაგან 11 პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს.

„მაღაროელების მთავარი მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე დარჩენა და მოპოვების წესის შენარჩუნებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაღაროელებს 12-საათიან გრაფიკში ჰქონდათ კონკრეტული გეგმა მარგანეცის მოპოვების და ამ გეგმას თუ გადაჭარბებით ასრულებდნენ, დამატებით ხელფასს იღებდნენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაროელების შემდგომ პერიოდში გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი და ამ ცვლაში ანუ 24 საათში სამჯერ ციკლით მოპოვება, ანუ აფეთქებიდან დაწყებული მარგანეცის გამოტანის პროცესი. ეს ადამიანები შიშობენ, რომ გეგმის გადაჭარბების დროს რა თანხაც ერიცხებოდათ, იმას ვეღარ აიღებენ.

დღეისთვის მაღაროელების პროტესტი გრძელდება. 10 მაღაროელი შიმშილობს და მათ შეუერთდა ასევე ერთი დასაქმებული, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. პარალელურად მიმდინარეობს მედიაციის პროცესი.

კომპანია ხელფასების მატებასთან ერთად 8-საათიანი ცვლისა და მოპოვების პროცესის ცვლილებაზე არ გვთანხმდება, დანარჩენი მოთხოვნები რაც პროტესტის მონაწილეებს ჰქონდათ - შრომის უსაფრთხოების პირობების, კვების, სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება ამაზე გვთანხმდებიან. თუმცა ეს ორი მოთხოვნა დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს თეიმურაზ სურამელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები