ჭიათურაში მაღაროელთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მე-16 დღეს როგორც ჭიათურელები, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული მომიტინგეები მერიასთან 13:00 საათიდან შეიკრიბნენ.
მაღაროელების მოთხოვნაა, მას შემდეგ, რაც "ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები შეაჩერა, პროცესზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს და ჭიათურაში მოპოვება გადაიბაროს.
ჭიათურელები ცენტრალური ხელისუფლებისგან დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციასა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ.
ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.
7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.