შეხვედრას პირადად არ ვესწრებოდი, თუმცა მაღაროელებს უთხრეს, რომ 6 თვით წყდება მუშაობა, ამ ეტაპზე, უმუშევრად რჩება 5 400-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ bm.ge-ის მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა.
საქმე ის არის, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტენ.
მისი თქმით, გუშინ შპს „მაღაროელის“ თანამშრომლებს შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი, თემურ ხონელია და განუცხადა, რომ კომპანია 6 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას. დასაქმებულებს საშუალება ჰქონდათ ხელფასის 60% მიეღოთ.
“თავიდან ამბობდნენ, რომ საწარმოები გაჩერდებოდა 3 თვე, თუმცა გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ საუბარია სამუშაო პროცესის 6 თვემდე გაჩერებაზე. თანამშრომლებისთვის პირობები მიუღებელია, 60%-იანი ანაზღაურება საკმარისი არ არის, რადგან საბანკო ვალდებულებები აქვთ. მათ გვაჩვენეს დოკუმენტაცია, რომ მთავრობა საწარმოების გაჩერების ნებართვას აძლევს. თუ სახელმწიფომ შეისწავლა და ნამდვილად კრიზისშია კომპანია, მაშინ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და გადაგვიხადოს დარჩენილი თანხა, ან უზრუნველგვყოს სამსახურებით”, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ და დასძინა, რომ უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები განცხადებას აუცილებლად გააკეთებენ, თუმცა ამ ეტაპზე დაგეგმვის პროცესში არიან.
მიქაცაძის ინფორმაციით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 1800 ადამიანი მუშაობს, ხოლო ჭიათურის მაღაროში 3600-მდე.
“ასე მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე ადამიანების გაშვება სახლში, არ შეიძლება. მარტივი მდგომარეობის წინაშე არ ვართ”, - თქვა მიქაცაძემ.
bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს საწარმოების 100%-იანი წილების მფლობელ “ჯორჯიან მანგანეზს”, თუმცა დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. კომპანიის წარმომადგენელი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ შუქრუთის მაღაროს მფლობელი კომპანია ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და გამორიცხული არ არის, მძიმე შედეგების წინაშე დადგეს.