"ჯორჯიან მანგანეზის" ჭიათურის მაღარიების მმართველ კომპანიაში აცხადებენ, რომ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების რამდენიმეთვიანი პროტესტის გამო, კომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია და მალე ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება დაუდგეს. ამის შესახებ bm.ge-ის „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ განუცხადეს.
საქმე ის არის, რომ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები დედაქალაქში ნაწილობრივად გადმოიტანეს და 11 სექტემბრის შემდეგ მთავრობას, "ჯორჯია მანგანეზთან" მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას სთხოვდნენ, თუმცა მათი აქციები დედალაქში 13 ოქტომბერს, მას შემდეგ შეწყდა, რაც პარლამენტთან დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი მივიდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა. შუქრუთელების პროტესტი ამჟამად მაღაროსთან გრძელდება და ისინი მედიაციის ჩანიშვნის მოლოდინში არიან.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და ახლა დროა მაღაროსთან მიმდინარე პროტესტი შეწყდეს.
„მედიაციის ფარგლებში შემდეგი შეხვედრის თარიღი არ არის ცნობილი. მათი მხრიდან მოთხოვნა იყო, რომ სამხარაულმა შეამოწმოს და სახელმწიფო ჩაერთოს, შესრულებულია და მიუხედავად ამისა, ისინი პროტესტს აგრძელებენ და შუქრუთის მაღარო ჩაკეტილია. ისედაც ძალიან მძიმე ინდუსტრიული ფონია მსოფლიოში მანგანეზთან დაკავშირებით და ამ ფონზე რომ კიდევ გადაკეტილია მაღარო, რომელიც ნედლეულის 60%-ის წყარო იყო, ვფიქრობთ, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს. რა იქნება, მართლა ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როდემდე შეიძლება კომპანიამ ასეთ პირობებში იარსებოს?
ამ ადამიანებს[აქციის ორგანიზატორებს] კომპენსაციები აღებული აქვთ. შესრულდა პირობები მოლაპარაკებებში სახელმწიფოს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვაზე, ჩვენ მეტი რა გავაკეთოთ?
კომპანია არის უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში. ძალიან მალე ალბათ ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება დადგეს“, - აცხადებენ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“.