მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იცით, რა კომპენსაციები აქვთ აღებული?!" - რატომ მიიღო "ოცნებამ" შუქრუთში ხმების 60%?

კობახიძე შუქრუთზე

თქვენ იცით, რა კომპენსაციები აქვთ ამ ადამიანებს აღებული და სხვა ადამიანებს ამ სოფლიდან [შუქრუთიდან], რომ იცოდეთ ამ კითხვას არ დასვამდით - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სოფელ შუქრუთში საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ 60%-იან მხარდაჭერას ეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა - რით ხსნიდა შუქრუთელების ასეთ მხარდაჭერას მთავრობის მეთაური, მაშინ როდესაც სოფელში რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ შუქრუთელების ნაწილმა პარლამენტთან გადმოინაცვლა და „ჯორჯიან მანგანეზთან“ კომუნიკაციაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვდა.

ჩაკითხვაზე - ამ კომპენსაციისთვის გამოხატეს თუ არა შუქრუთელებმა მადლობა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „არა, სამართლიანობა ჩვენი მხრიდან ყველგან უზრუნველყოფილია. რაც შეეხება ამ ადამიანების საკითხს, ეს მთლიანად დაკავშირებული იყო კომპანიასთან, მაგრამ აქაც კომპანიას ძალიან სოლიდური კომპენსაციები აქვს გაცემული და ზოგადად ყველგან ადამიანები, მათ შორის შუქრუთში ხედავენ იმას, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანი ხელისუფლებაა, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია და ამის შედეგია ის, რომ შუქრუთში ასეთი შედეგი მივიღეთ“.

საქართველოს პარლამენტის წინ თითქმის 2-თვიანი პროტესტის შემდეგ აქცია დასრულდა. ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისში პროტესტი დასრულებულია, თუმცა შუქრუთში მაღაროელების პიკეტი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ საკანონმდებლო ორგანოს წინ შუქრუთელების ნაწილმა, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ნეფარიძემ მაშინ BMG-ს უთხრა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა. აქცია პარლამენტთან ამ დროისთვის უშედეგოდ დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები