მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიდაობაში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, აბდულრაშიდ სადულაევი ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე არ დაუშვეს

აბდულრაშიდ სადულაევი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პარიზის ოლიმპიადის მიღმა დატოვა ორ გზის ოლიმპიური, 5 გზის მსოფლიოსა და 6 გზის ევროპის ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, რომელიც რუსეთის უკრაინაში ომის მხარდამჭერია.

როგორც იცით, კომიტეტი ოლიმპიადისთვის რუს და ბელორუს სპორტსმენებს დამოუკიდებელი ათლეტების სტატუსით არეგისტრირებს და ტურნირზე იმ შემთხვევაში უშვებს თუკი სპორტსმენებს რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან კავშირი არ აქვთ და არც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ საომარ მდგომარეობას უჭერენ მხარს.

წარმოშობით, დაღესტნელი სადულაევი, რომელიც რუსეთის თავისუფალ მოჭიდავეთა გუნდის კაპიტანია, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. სპორტსმენი ამ დრომდე საზოგადოება “დინამოს” წევრია, რომელსაც რუსეთის ძალოვანი სტრუქტურები მართავენ და ამავდროულად ლეიტენანტის წოდებით, რუსეთის გვარდიაშიც ირიცხება. აღსანიშნავია, რომ სადულაევი 2022 წლის მარტში მიტინგ-კონცერტსაც ესწრებოდა, სადაც ყირიმის ოკუპაციის მერვე წლისთავს აღნიშნავდნენ.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება, სადაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური ათლეტების რანგში, დროშისა და გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ჰიმნის გარეშე იასპარეზებენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით საუკეთესო შემთხვევაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენებიდან მხოლოდ 55 შეძლებს ტურნირზე მონაწილეობის მიღებას. ამ დროისთვის ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებიდან მხოლოდ 12 ათლეტს აქვს ოლიმპიადის საგზური მოპოვებული მათ შორის მოჭიდავეებს, ძიუდოისტებს, ნიჩბოსნებს, ჩოგბურთელებსა და ტაეკვანდოისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები