მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

China Evergrande-ის დამფუძნებელმა თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალი აღიარა

evergrande

China Evergrande Group-ის დამფუძნებელმა, 67 წლის ხუი კა იანმა, საინვესტიციო საქმიანობისას ჩადენილი თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებები აღიარა. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გაკეთებული ეს განცხადება ფაქტობრივად წერტილს უსვამს იმ იმპერიის ნგრევას, რომელმაც ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი გლობალური ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოაქცია.

ამ დროისთვის Evergrande Group-ი ლიკვიდაციის პროცესშია, მისი მთლიანი დავალიანება კი $300 მილიარდს აღემატება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ვალების მოცულობა ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ტოლფასია და მისი გასტუმრება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ხუი კა იანი, რომელიც 2017 წელს აზიის უმდიდრესი ადამიანი იყო, საკუთარ იმპერიას, რეალურად, სესხების ხარჯზე - პირამიდული პრინციპით აშენებდა. ბიზნესმენი დაბალფასიან სახლებს სწრაფი ბრუნვის პრინციპით ყიდდა, რამაც 2020 წელს კომპანიის წლიური გაყიდვები $103 მილიარდამდე გაზარდა.

მიუხედავად რეგულატორების გაფრთხილებისა, ის აცხადებდა, რომ კომპანიის აქტივები ვალების დასაფარად საკმარისი იყო. თუმცა, 2023 წლისთვის მისი ქონება $45.3 მილიარდიდან $3 მილიარდამდე შემცირდა, რადგან ბალანსზე არსებული აქტივების უდიდესი ნაწილი ან არასწორად იყო შეფასებული ან არ იყო აშენებული.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ბიზნესმენი აქტიურად ცდილობდა ჩინეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებას და მხარს უჭერდა პრეზიდენტ სი ძინპინისთვის პრიორიტეტულ სფეროებს, თუმცა მხოლოდ ამ სტრატეგიამ ვერ გაამართლა.

ცნობისთვის, ხუი კა იანმა კომპანია Evergrande 1996 წელს ქალაქ გუანჯოუში დააარსა. მანამდე იგი ფოლადის ტექნიკოსად მუშაობდა და სოფლად, ბებიის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა. სასამართლოს შეფასებით, მისი არნახული ტემპით გამდიდრება პირდაპირ კავშირში იყო სამთავრობო კავშირებთან, კორუფციასთან და თაღლითობასთან, რომელსაც ბიზნესმენი უკვე თავადაც აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები