მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელი ტურისტების არაერთ ჯგუფს ველით - ერეკლე კოკაია

უვიზო რეჟიმი

"ინნ ჯგუფის" სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ წელს ჩინელი ტურისტების არაერთ ჯგუფს ელიან.

როგორც კოკაიამ BMG-სთან აღნიშნა, ჩინეთი ერთ-ერთი ბაზარია, საიდანაც ტურისტების სწრაფი ზრდის პოტენციალი არსებობს.

„მოთხოვნის ძირითადი ნაწილი მარტის მეორე ნახევარში იქნება, თუმცა უკვე შემოსულია მოთხოვნები ჩინელი ტურისტებისგან მაისიდან მოყოლებული, ზაფხულის პერიოდზე. არაერთ ჯგუფს ველით და იმედია, თვის ბოლოს გაორმაგდება მათი რაოდენობა. როგორც კი ბაზარი გაიხსნა, გასულ წელსაც გვყავდა ჯგუფები“,- ამბობს კოკაია.

მისივე თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის პანდემიამდელ მოგებიანობაზე დასაბრუნებლად, ბევრად მეტი ტურისტია საჭირო, მათ შორის აზიიდან.

„ჩინეთი და ინდოეთი იმდენად დიდი ბაზრებია, ინდუსტრიის ყველანაირ დანაკლისს შეავსებდნენ. ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ საქართველო რჩება სეზონურ ქვეყნად და ამიტომ, აუცილებელია რაღაც ალტერნატივის მოფიქრება. მათ შორისაა ახალი ბაზრები, რომლებმაც შეიძლება დაბალ სეზონზე ამუშაონ ტურიზმი. იგივე აზიის ბაზრები, შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ ბიუჯეტური პერიოდით. არასეზონზე ტრადიციული ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა შედარებით რთულია“,- განაცხადა კოკაიამ.

ჩინეთის მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმი გასული წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს 15 290 ჩინელი ტურისტი ესტუმრა, რაც პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები