მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინელმა მილიარდერმა ჯეკ მამ Ant group-ზე კონტროლი დათმო

63b96b4c8cfb5
თამთა ჯიჯავაძე
07.01.23 16:59
1910
ჩინელმა მილიარდერმა ჯეკ მამ თავისივე დაფუძნებულ კომპანია Ant group-ზე კონტროლი დათმო. ჩინური გიგანტის მფლობელები წილობრივი გადანაწილების სტრუქტურის ცვლილებაზე შეთანხმდნენ, რამაც ჯეკ მას უფლებების დაქვეითება გამოიწვია. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ჯეკ მას ხმის მიცემის უფლება 6.2%-მდე შემცირდა, რესტრუქტურიზაციამდე კი 50.52%-იანი უფლება ჰქონდა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის მფლობელებს შორის უფლებრივი გადანაწილების რესტრუქტურიზაციის შედეგად, სტრუქტურა „უფრო მეტად გამჭვირვალე და დივერსიფიცირებული“ გახდა.

მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით, ჯეკ მა უკვე თითქმის 6 თვეა, რაც თავს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს აფარებს. 2020 წლიდან Alibaba-ს, Alipay-სა და Ant Group-ის დამფუძნებელი ჩინეთის კომუნისტური მთავრობის სამიზნედ და დე-ფაქტო პერსონა ნონ გრატად იქცა. მას შემდეგ ჯეკ მას კომპანიების წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესები დაიწყო და თავად მილიარდერ მეწარმეს ქვეყნის დატოვებაც მოუწია.

ჯეკ მას ჩინეთის ხელისუფლების მიერ დევნა 2020 წელს დაიწყო, როდესაც, მილიარდერმა შანხაიში, ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

კერძოდ, 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი $37 მილიარდს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, კომუნისტურმა მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა. რამდენიმე თვეში კი ჩინეთის მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

2021 წლისთვის ჯეკ მამ ოფიციალურად დაკარგა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, ამჟამად კი ის Forbes-ის რეიტინგში $25-მილიარდიანი ქონებით მსოფლიოში 59-ე ადგილამდეა ჩამოქვეითებული.

ჯერ კიდევ გასულ წელს, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჯეკ მა Ant Group-ის 50.52%-იანი წილის დათმობას და სამმართველო პაკეტის სხვა აქციონერებისთვის გადაცემას განიხილავდა, რაც საბოლოოდ შეამცირებს მის გავლენას ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ფინ-ტექ კომპანიაზე.

საგულისხმოა, რომ 58 წლის ჯეკ მამ უკვე დატოვა Ant Group-ის აღმასრულებლისა და საბჭოს წევრის თანამდებობები, ის აგრეთვე სრულადაა ჩამოშორებული Alibaba-ს მენეჯმენტს. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ კი ის არცერთ საჯარო ინტერვიუში არ გამოჩენილა, უფრო მეტიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.