მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მა საჯარო ცხოვრებას უბრუნდება, ჩინელი მილიარდერი უნივერსიტეტებში ლექციებს წაიკითხავს

6458ecef5c99c
გიორგი თოლორდავა
09.05.23 00:30
1309
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მეწარმე საჯარო ცხოვრებას უბრუნდება. 58 წლის ჯეკ მა ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის ამპლუაში ლექციებს წაიკითხავს.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, Alibaba-ს დამფუძნებელი ლექციებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში, ტოკიოს კოლეჯში, თელ-ავივის უნივერსიტეტსა და რუანდას უნივერსიტეტში წაიკითხავს. მისი სალექციო კურსები მეწარმეობას, მდგრად განვითარებას და სოფლის მეურნეობას შეეხება.

გარდა ამისა, თითქმის ორწლიანი დევნის შემდეგ, ჯეკ მა მშობლიურ ჰანჟოუსაც დაუბრუნდა, სადაც ის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებთან შეხვედრებიც გამართა.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ბიზნესმენი იყო და მისი ქონება $60 მილიარდს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, ის მწვავე პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა. ამჟამად ჩინელი მეწარმე უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 67-ე პოზიციამდეა ჩამოქვეითებული და მისი ქონება 23.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯეკ მას დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე ის 20-წუთიანი საბედისწერო სიტყვით წარსდგა. დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას შორის იყვნენ: კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები, სამინისტროების წარმომადგენლები, მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, გავლენიანი მეწარმეები და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები.

სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე მეამბოხე მეწარმემ საჯაროდ, მკაფიოდ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები აწ უკვე მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

ჯეკ მამ განაცხადა, რომ ბიზნესის მიმართ მთავრობის მიდგომა უნდა შეცვლილიყო, ბიუროკრატიის გავლენა კერძო სექტორზე უნდა შემცირებულიყო, კომპანიების განვითარების საკითხი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპით უნდა გადამწყდარიყო.

მისი სიტყვით გამოსვლის უდიდესი ნაწილი რეგულაციების, ინოვაციისა და ფინანსური რისკების საკითხებს შეეხო.

ბუნებრივია, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის კრიტიკა მთავრობის წარმომადგენლებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, უფრო მეტიც, ჯეკ მას სიტყვით გამოსვლამ თავად ქვეყნის ლიდერი სი ძინპინიც განარისხა. ჩინეთის თანამედროვე ისტორია კი იმას ცხადყოფს, რომ ძინპინთან დაპირისპირება კარგად არავისთვის სრულდება.

ჯეკ მას სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში Ant Group-ისა და Alibaba-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო; ორ დღეში შეიქმნა ახალი ანტიმონოპოლიური კანონპროექტი; ზუსტად ერთ კვირაში კი მარეგულირებელმა ორგანომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) დაბლოკა.

ჯერ კიდევ ბუნდის ეკონომიკურ სამიტამდე დაგეგმილი იყო, რომ 2020 წელს Ant Group-ის აქციები საფონდო ბირჟაზე უნდა განთავსებულიყო, IPO-ს წინასწარი შეფასება კი 37 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ჯეკ მას სიტყვით გამოსვლის გამო, მთავრობამ გარიგება ჩაშალა, Ant Group-ს კი საფონდო ბირჟაზე განთავსების უფლება არ მიეცა.

ძინპინის რისხვა მხოლოდ IPO-ს ჩაშლით არ შემოფარგლულა, რამდენიმე თვეში მარეგულირებელი კომისიის სამიზნე კომპანია Alibaba გახდა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო, 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

სიტყვით გამოსვლიდან მალე ჯეკ მას ქვეყნის დატოვებაც მოუწია. ის თითქმის ორი წლის განმავლობაში საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდა და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდა.

ზუსტად რატომ დაბრუნდა მეამბოხე მეწარმე ჩინეთში, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს Alibaba-სთან იყოს დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ ჯეკ მა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი და გავლენიანი ბიზნესმენია, რომელიც წლების განმავლობაში ჩინეთის დე-ფაქტო ბიზნესელჩის როლსაც ასრულებდა. ჯეკ მას პოლიტიკურ დევნილად ქცევამ ჩინეთის საინვესტიციო იმიჯი მნიშვნელოვნად გააუარესა, პრაგმატულ კომუნისტურ მთავრობას კი კარგად ესმის, რომ შურისძიებაზე ქვეყნის გადაყოლება ნამდვილად არ ღირს, ჯეკ მას დაბრუნება კი, შესაძლოა, იმის მაუწყებელი იყოს, რომ სი ძინპინმა თავისი შეცდომები გაიაზრა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეწარმის დევნა საბოლოოდ შეწყვიტა.



საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები