ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის რამდენიმე წლის წინ დაწყებული სავაჭრო ომი გრძელდება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლითაც აშშ-დან ჩინეთში შესაძლო სამხედრო დანიშნულების მქონე ჩიპების და ნახევარგამტარების ექსპორტი სრულად აიკრძალა, სი ძინპინმა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა. ამიერიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთიდან გალიუმის, გერმანიუმის, ანტიმონიუმის და შესაძლო სამხედრო გამოყენების რამდენიმე მსგავსი მაღალტექნოლოგიური მასალის ექსპორტი აიკრძალა.
სანქციების დასაწესებლად ეს მეტალები ჩინეთს ტყუილად არ შეურჩევია, რადგან ეს ქვეყანა მიკროჩიპების, სამხედრო ტექნიკის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ელემენტების მოპოვების მიმართულებით ჭეშმარიტი ტიტანია. სხვადასხვა მონაცემებით, ჩინეთზე გალიუმის გლობალური წარმოების 98%, გერმანიუმის წარმოების 80% და ანტიმონიუმის წარმოების 55% მოდის. შესაბამისად, ექსპორტის შეზღუდვით, ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს და, შესაბამისად, მსოფლიოს, ამ რესურსების მიწოდების კუთხით მის მნიშვნელოვან როლს შეახსენებს.
გალიუმი და გერმანიუმი სასაქონლო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, კილოგრამი გალიუმი ბირჟაზე $305 ღირს, როცა კილოგრამი გერმანიუმის ფასი გაცილებით მაღალია და $2,510-ის ტოლია. თუკი გალიუმის ფასი მერყეობით გამოირჩევა, გერმანიუმის ფასი წლის დასაწყისიდან მკვეთრად, კერძოდ თითქმის 100%-ით არის მომატებული. გერმანიუმი გამტარი მეტალია, რომელიც უმეტესწილად ელექტრონულ მოწყობილობებში გამოიყენება. გალიუმი შედარებით რბილი, ალუმინის მსგავსი ვერცხლისფერი მეტალია, რომელსაც ელექტრონიკაში სილიკონის შემცვლელად იყენებენ. ეს მეტალები, უმეტესწილად, ჩინეთში მოიპოვება, მაგრამ დიდ მწარმოებლებს შორის ასევე ვხვდებით გერმანიას, რუსეთს და კანადას.
ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამიდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამ თანამდებობას ოც იანვრამდე დაიკავებს, როცა დონალდ ტრამპი ფიცს დადებს და თეთრ სახლში დაბრუნდება. შესაბამისად, არსებობს კითხვა, შეიცვლება თუ არა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები ახალი პრეზიდენტის პირობებში? ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი სწორედ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო.
დონალდ ტრამპი სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებას და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 60-100%-იანი ტარიფების დაწესებას აანონსებს. ამ გზით, არჩეული პრეზიდენტი ტექნოლოგიური კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობას მკვეთრად შეცვლის, რადგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები არიან, ხოლო ბევრი კომპანია მოწყობილობებს საერთოდაც ჩინეთში აწყობს. შედეგად, ეს ერთ-ერთი რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომლის მიღება დონალდ ტრამპს მას შემდეგ მოუწევს, რაც იანვრიდან თეთრ სახლში გადაბარგდება.