მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები დაასანქცირა

ჯო ბაიდენი / სი ძინპინი

ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის რამდენიმე წლის წინ დაწყებული ე.წ. “სავაჭრო ომი” გრძელდება. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანტი-ჩინური რიტორიკის საპასუხოდ, რომლის გამო ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, შესაძლოა, გართულდეს, სი ძინპინმა მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას ახალი სანქციები დაუწესა. ამჯერად, ჩინეთში აკრძალული ორგანიზაციების ჩამონათვალში აშშ-ის ხელისუფლების რამდენიმე სამხედრო კონტრაქტორი მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ ჩინურ კომპანიებს მათთან ორმაგი, ანუ სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების პროდუქტებით ვაჭრობა აეკრძალებათ.

ჩინეთის მიერ სანქცირებული ორგანიზაციების ჩამონათვალში ჯამში ოცდარვა კომპანია მოხვდა, მათ შორის Raytheon-ი, Boeing-ი და Lockheed Martin-ი, რომლებიც აშშ-ის ჯარისთვის და მისი მოკავშირეებისთვის მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღებას ქმნიან. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს კრიტიკული სამხედრო ტექნოლოგიის განმავითარებელი ეს კომპანიები აშშ-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ჩამონათვალში ხვდებიან, ჩინეთთან და ჩინურ კომპანიებთან მათ ისედაც არაფერი აკავშირებთ, შესაბამისად ეს სანქცია, დიდწილად, სიმბოლურია.

თავად ის ფაქტი, რომ ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესა, უცნაური არ არის, პირიქით — ეს ე.წ. “სავაჭრო ომისთვის” დამახასიათებელი სტრატეგიაა, რომელსაც ქვეყნები ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ აღასრულებენ, რადგან “სანქციებით ვაჭრობის” პოლიტიკა, სწორედ იმ დროს ჩამოყალიბდა. ახლა კი, როცა დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს მეორედ გადაიბარებს, ჩინეთის კომუნისტური პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლებური ურთიერთობის დასაწყებად ემზადება და სანქციებს ამკაცრებს.

იარაღის მწარმოებელი კომპანიების სანქცირების გარდა, ბოლო დროს, ჩინეთის ხელისუფლება მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული NVIDIA-ს საქმიანობით დაინტერესდა და ჯენსენ ჰუანგის კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ასე, ჩინეთს კრიტიკულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე კონტროლის მოპოვება სურს, ხოლო NVIDIA, რომელსაც ინვესტორები $3.3 ტრილიონად აფასებენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. თუკი გამოძიების შედეგად ჩინეთმა ჯენსენ ჰუანგს და კომპანიას დარღვევები უპოვა, რისი ალბათობაც, ჩინეთის სამართლებრივი პოლიტიკის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია, შესაძლოა NVIDIA-ს მიწოდების ჯაჭვებში მცირე შეფერხებები ვიხილოთ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთიდან გალიუმის, გერმანიუმის, ანტიმონიუმის და შესაძლო სამხედრო გამოყენების რამდენიმე მსგავსი მაღალტექნოლოგიური მასალის ექსპორტი აიკრძალა. სანქციებისთვის ეს მეტალები ჩინეთს ტყუილად არ შეურჩევია, რადგან ეს ქვეყანა მიკროჩიპების, სამხედრო ტექნიკის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ ელემენტების მოპოვების მიმართულებით ჭეშმარიტი ტიტანია. სხვადასხვა მონაცემებით, ჩინეთზე გალიუმის გლობალური წარმოების 98%, გერმანიუმის წარმოების 80% და ანტიმონიუმის წარმოების 55% მოდის. შესაბამისად, ექსპორტის შეზღუდვით, ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს და, შესაბამისად, მსოფლიოს, ამ რესურსების მიწოდების კუთხით მის მნიშვნელოვან როლს შეახსენებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამიდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თანამდებობას ოც იანვრამდე დაიკავებს, როცა დონალდ ტრამპი ფიცს დადებს და თეთრ სახლში დაბრუნდება. შესაბამისად, არსებობს კითხვა, შეიცვლება თუ არა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები ახალი პრეზიდენტის პირობებში? ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა რთულია, რადგან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი სწორედ დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო.

თავად დონალდ ტრამპი სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებას და ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 60-100%-იანი ტარიფების დაწესებას აანონსებს. ამ გზით, არჩეული პრეზიდენტი ტექნოლოგიური კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობას მკვეთრად შეცვლის, რადგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულები არიან, ხოლო ბევრი კომპანია მოწყობილობებს საერთოდაც ჩინეთში აწყობს. შედეგად, ეს ერთ-ერთი რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომლის მიღება დონალდ ტრამპს მას შემდეგ მოუწევს, რაც ერთ კვირაში თეთრ სახლში გადაბარგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები