ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის მიერ ჰუმანოიდი რობოტების იმპორტის შეზღუდვა მკაცრად გააკრიტიკა და ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებაზე გააფრთხილა.
ამერიკულმა უწყებამ კიბერუსაფრთხოების რისკების საბაბით უცხოური წარმოების ახალი ჰუმანოიდური რობოტების იმპორტი 29 ივლისს შეზღუდა. ჩინური მხარის შეფასებით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო სტაბილურობას სერიოზულ ზიანს აყენებს. პეკინმა შეერთებულ შტატებს მიღებული ზომების გაუქმებისკენ მოუწოდა და უარის შემთხვევაში საპასუხო ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნა გამოთქვა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეზღუდვები სერიოზულ დარტყმას მიაყენებს იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც უახლოეს თვეებში აქციების პირველად განთავსებას გეგმავენ. კვლევითი კომპანია Counterpoint Research-ის წარმომადგენლის, მარკ აინშტაინის შეფასებით, პეკინს საპასუხოდ ორი ძირითადი ბერკეტის გამოყენება შეუძლია. ექსპერტის განმარტებით, ჩინეთმა შესაძლოა ამერიკული საწარმოებისთვის იშვიათი მეტალების მიწოდება შეზღუდოს ან Tesla-სა და NVIDIA-ს ადგილობრივ ბაზარზე წვდომა შეუმციროს.
ცნობისთვის, გასულ წელს ჰუმანოიდი რობოტების გლობალურ ბაზარზე მიწოდების მაჩვენებლით ლიდერ პოზიციებს ჩინური Agibot-ი, Unitree და UBTech-ი იკავებდნენ, ხოლო Tesla-ს Optimus-ი მეხუთე ადგილზე იყო.




























