ჩინეთი ავღანეთს 400,000 დოზა Sinopharm-ის კოვიდ-ვაქცინას მიაწვდის, სადაც ვაქცინაცია გასულ კვირას დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 12,000 სამედიცინო პერსონალი აიცრა კოვიდ-ვაქცინით ქვეყნის 34-მდე პროვინციაში.
გამოცემა წერს, რომ Sinopharm-ის ვაქცინის გარდა, ავღანეთმა უკვე მიიღო 500,000 დოზა AstraZeneca-ს კოვიდ-ვაქცინა ინდოეთისგან.
ავღანეთი ასევე ვაქცინის მიღებას COVAX-პლატფორმის საშუალებითაც ვარაუდობს, რომელიც 38-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ისთვის იქნება საკმარისი.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 55,733 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2,444 ინფიცირებული გარდაიცვალა. ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული მონაცემები ნაკლებად სანდოა, რადგან ქვეყანაში აქტიური ტესტირება არ მიმდინარეობს.