მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი Boeing-ისა და Airbus-ის კონკურენტი თვითმფრინავის წარსადგენად ემზადება

c919

ჩინური სახელმწიფო საწარმო - Commercial Aircraft Corporation Of China (COMAC) ამბიციური ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. მომავალ კვირას დაგეგმილ სინგაპურის ავიაშოუზე კომპანია ქვეყნის ისტორიაში პირველ კომერციულ ავიალაინერს, C919-ს წარადგენს.

ჩინურმა თვითმფრინავმა კონკურენცია ბაზრის ორი უმთავრესი მოთამაშის, Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებს უნდა გაუწიოს. საერთაშორისო ბაზარზე C919-ის გამოჩენას ამჟამად განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დასავლურ კონკურენტებს მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ, ეს კი ახალი თვითმფრინავების დეფიციტის წარმოშობს, რაც COMAC-ისთვის უდიდეს ბიზნესშესაძლებლობას წარმოადგენს.

გარდა კომერციული მიზნებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გეოპოლიტიკური კონტექსტიც. მოგეხსენებათ, ჩინეთს ზესახელმწიფოობაზე აქვს პრეტენზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ყველაფერი თავისი უნდა ჰქონდეს, მათ შორის საჰაერო ფლოტიც.

რაც შეეხება უშუალოდ C919-ს, მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და პირველი ფრენა 2017 წელს მოეწყო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თვითმფრინავზე მუშაობა დასრულებულია და ის მზად არის ცის დასაპყრობად.

C919-მა კონკურენცია Boeing 737 Max-ს და Airbus A320 Neo-ს უნდა გაუწიოს. მისი მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 168-ს აღწევს და თვითმფრინავს ერთი აფრენით 5,500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. როგორც ცნობილია, ბაზარზე C919-ის რამდენიმე ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, დანიშნულებისა და საფასო სეგმენტის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები