წლების განმავლობაში არსებული ტარიფების, საექსპორტო კონტროლისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, აშშ და ჩინეთი კრიტიკულად მნიშვნელოვან საქონელზე კვლავ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი.
აშშ ჩინეთზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერში - სმარტფონებითა და ბატარეებით დაწყებული, სათამაშოებითა და სათამაშო კონსოლებით დამთავრებული. თავის მხრივ, ჩინეთიც დამოკიდებულია ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიაზე, ნახევარგამტარებსა და ენერგორესურსების ექსპორტზე.
გაეროს ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემთა ბაზის (UN Comtrade) უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი 2024 წელს მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ვაჭრობის ყველაზე მოთხოვნად საქონელს გვიჩვენებს.
რას ყიდულობს აშშ ჩინეთისგან?
2024 წელს ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტის ყველაზე დიდ კატეგორიას სმარტფონები და სატელეფონო მოწყობილობები შეადგენდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 51.5 მილიარდი დოლარი იყო. აშშ-ში იმპორტირებული სმარტფონების თითქმის ნახევარი (45%) სწორედ ჩინეთიდან შევიდა.
სმარტფონებს მოჰყვება კომპიუტერები და ლეპტოპები (36.7 მილიარდი დოლარი) და ლითიუმ-იონური და სხვა სახის ბატარეები (18.1 მილიარდი დოლარი). ამ სამიდან აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთზე ყველაზე ძლიერი ბატარეების შემთხვევაში იყო - აშშ-ის ბატარეების იმპორტის 56% ჩინეთიდან მოდის.
| # | ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებული Top 10 პროდუქტი | იმპორტის ღირებულება, მლრდ $ | სრულ იმპორტში ჩინეთის წილი |
|---|---|---|---|
| 1 | სმარტფონები და სატელეფონო მოწყობილობები | 51.5 | 44.7% |
| 2 | კომპიუტერები და ლეპტოპები | 36.7 | 26.0% |
| 3 | ლითიუმ-იონური და სხვა სახის ბატარეები | 18.1 | 55.9% |
| 4 | სათამაშოები, თოჯინები, ფაზლები | 14.4 | 76.3% |
| 5 | ავტონაწილები და აქსესუარები | 10.1 | 11.2% |
| 6 | სკამები და სავარძლები | 7.5 | 27.4% |
| 7 | ვიდეო თამაშების კონსოლები და აქსესუარები | 7.2 | 77.7% |
| 8 | ელექტრო გამათბობლები და მცირე ზომის ტექნიკა | 7.0 | 55.6% |
| 9 | მონიტორები, პროექტორები და ტელევიზორები | 7.0 | 33.1% |
| 10 | პლასტმასის ნივთები (სხვადასხვა) | 6.9 | 46.3% |
რას ყიდულობს ჩინეთი აშშ-სგან?
ჩინეთი აშშ-დან იმპორტზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ისეთი ნედლეულისთვის, როგორიცაა ბუნებრივი აირი (14 მილიარდი დოლარი) და სოიო (12 მილიარდი დოლარი), არამედ უფრო მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზეც - როგორიცაა ნახევარგამტარები (11.8 მილიარდი დოლარი) და რეაქტიული ძრავები (6.6 მილიარდი დოლარი).
ბოლო წლებში აშშ-დან ჩინეთის ნედლეულის იმპორტზე გლობალურმა სავაჭრო დაძაბულობამ იმოქმედა. მაგალითად, 2018 წელს პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო ომის შემდეგ, ბრაზილიამ აშშ-ს გადაუსწრო და ჩინეთისთვის სოიოს უდიდესი მიმწოდებელი გახდა.
| # | აშშ-დან ჩინეთში იმპორტირებული Top 10 პროდუქტი | იმპორტის ღირებულება, მლრდ$ | სრულ იმპორტში აშშ-ის წილი |
|---|---|---|---|
| 1 | ბუნებრივი აირები (LNG/LPG) | 14.0 | 15.9% |
| 2 | სოიო | 12.0 | 22.8% |
| 3 | ნახევარგამტარები და ინტეგრირებული სქემები | 11.8 | 3.0% |
| 4 | მსუბუქი ავტომობილები | 7.3 | 19.0% |
| 5 | თვითმფრინავის რეაქტიული ძრავები და გაზის ტურბინები | 6.6 | 53.6% |
| 6 | ნედლი ნავთობი | 6.0 | 1.9% |
| 7 | თვითმფრინავები და კოსმოსური ხომალდები | 5.3 | 57.5% |
| 8 | ნახევარგამტარული წარმოების მოწყობილობა | 4.5 | 9.5% |
| 9 | სპილენძის ნარჩენები და ჯართი | 3.6 | 20.3% |
| 10 | ვაქცინები, სისხლი, ანტისერა | 3.4 | 18.9% |
ეკონომიკური კონკურენციისა და ტაივანისა თუ ირანის ომის მსგავსი საკითხების ირგვლივ დაძაბულობის ფონზე, როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი მაღალჩინოსნები ერთმანეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკურმა ინტეგრაციამ გათიშვის ნებისმიერი მცდელობა ორივე მხარის ბიზნესებისთვის რთული და ძვირადღირებული გახადა.
მიკროჩიპების სექტორი კვლავაც უთანხმოების მთავარ წერტილად რჩება, რადგან ჩინეთი თავისი შიდა შესაძლებლობების გაფართოებას იმ ინდუსტრიაში ცდილობს, სადაც აშშ და მისი მოკავშირეები (ტაივანი, სამხრეთ კორეა და ნიდერლანდები) დომინირებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მთავრობა ერთმანეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ძალისხმევას არ იშურებს, მონაცემები აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის გადაჯაჭვული ეს ორი ეკონომიკა. ბევრი კრიტიკული პროდუქტისთვის ამ სავაჭრო ურთიერთობების ჩანაცვლებას შესაძლოა წლები და მნიშვნელოვანი ხარჯები დასჭირდეს.




























