მდინარე იალუზე აშენებული ახალი ხიდი, რომელიც ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აკავშირებს და რომლის ექსპლუატაციაში შესვლაც წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა, დღეს გაიხსნება - ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "Xinhua"-მ ოთხშაბათს განაცხადა. ეს ნაბიჯი ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურების მცდელობაზე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანი პეკინზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას კვლავ სიფრთხილით ეკიდება.
"Xinhua"-ს ცნობით, მხარეები გახსნის ერთობლივ ცერემონიას გამართავენ. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიას აღნიშნულ გეგმაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ გაუვრცელებია. ხიდი ორ ქვეყანას შორის სავაჭროდ უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გადასასვლელი გახდება.
ჩინეთმა თავისი მხრიდან ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაასრულა სავაჭრო კავშირების გაღრმავების იმედით, თუმცა ჩრდილოეთ კორეამ მისასვლელი გზებისა და საბაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ფხენიანის ბირთვული გამოცდებისა და გაეროს მიერ დაწესებული სანქციების გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუარესდა.
ახალი ხიდის გახსნა პეკინსა და ფხენიანს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ პროგრესზე მიუთითებს - რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან პირველი საავტომობილო ხიდიც გახსნა. ფხენიანის კავშირები მოსკოვთან სწრაფად გაღრმავდა მას შემდეგ, რაც მათი ლიდერები 2023 წელს ერთმანეთს შეხვდნენ.
გასულ წელს ჩინეთის ექსპორტმა ჩრდილოეთ კორეაში ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია და 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა (წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდა), თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც საგრძნობლად ჩამორჩება 2017 წელს გაეროს სანქციების გამკაცრებამდე არსებულ დონეს.
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ახალი ხიდის გახსნა დამატებით მნიშვნელობას იძენს, რადგან იზოლირებული სახელმწიფო პანდემიის შემდეგ საგარეო კავშირებს აფართოებს და ცდილობს, ორ მთავარ ეკონომიკურ და სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობები დააბალანსოს.
























