მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი, ინდოეთი, EU და თურქეთი რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მყიდველები არიან - Guardian

რუსეთი

აშშ-ის მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე დაწესებულ სანქციებზე Guardian-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სანქციებს მყისიერი ეფექტი ჰქონდა, თუმცა მთავარი კითხვაა შეწყვეტს თუ არა მსოფლიო რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვას.

გასულ კვირაში ამერიკამ რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას Rosneft-ს და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი მოსკოვის შესაძლებლობის დასუსტებაა, რომ უკრაინაში ომი დააფინანსოს, რადგან რუსეთის შემოსავლების დიდი ნაწილი სწორედ წიაღისეული საწვავის გაყიდვებზე მოდის.

სანქციების გამოცხადებას მყისიერი შედეგი ჰქონდა. რამდენიმე საათში მსოფლიოში ნავთობზე ფასი 6%-ით გაიზარდა, ასევე მედიაში გავრცელდა ცნობები რუსული ნავთობის მიწოდების შეჩერების შესახებ ინდოეთის უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნებისთვის. ისინი რუსული ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან.

Guardian აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, რუსული ნედლი ნავთობის მთავარი მომხმარებლები ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და ევროკავშირი არიან. რაც შეეხება გაზს, მილსადენით მიწოდებული გაზით ჩინეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის თურქეთი და ევროკავშირი. გათხევადებული გაზის [LNG] შემთხვევაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველები ჩინეთი და ევროკავშირი არიან. გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ეს სტატისტიკა 2022 წლის 24 თებერვალს და 2025 წლის სექტემბრის პერიოდს მოიცავს. მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ამ პერიოდში რუსეთიდან 42 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენით მიღებული და გათხევადებული გაზი აქვს ნაყიდი. მეორე ადგილზეა ჩინეთი 28 მილიარდი დოლარით, ხოლო მესამეზე თურქეთი 20 მილიარდი დოლარით. რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვებში ევროკავშირის წილი შედარებით მცირეა და 17 მლრდ ევროს შეადგენს. აქ ჩინეთი და ინდოეთი ლიდერობენ 152 და 119 მლრდ ევროთი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა შეამცირა რუსული გაზის ყიდვა და გათხევადებული გაზის მთავარი მიმწოდებელი მისთვის აშშ გახდა. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის წილი 2024 წელს ევროპის LNG-ის იმპორტში 55%-ს აღწევდა. ტრამპს შეუძლია მოლოდინი ჰქონდეს, რომ აშშ-ის გაზის ექსპორტი ევროპაში კვლავ გაიზრდება.

Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირში რუსული ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მომხმარებლები უნგრეთი და სლოვაკეთი არიან. ისინი გასულ თვეში რუსული გაზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ, რომლებმაც 393 მლნ და 207 მლნ ევროს ღირებულების რუსული წიაღისეული საწვავი იყიდეს. რუსეთიდან გათხევადებული გაზის იმპორტს აგრძელებენ საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები