2024 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთი, 691.6 მილიონ დოლარიანი ბრუნვით, საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.2% მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველომ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი პროდუქცია იყიდა, ვიდრე გაყიდა. ამასთან, წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა და ექსპორტის კლება ფიქსირდება.
ჩინეთიდან იმპორტი
577.9 მლნ დოლარის იმპორტით, ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია. წლის პირველ 5 თვეში იმპორტი 33%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან იმპორტში მისი წილი 9.4% იყო.
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $22.8 მლნ;
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $20.9 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $19.9 მლნ;
- მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - $19.5 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $18.6 მლნ.
ჩინეთში ექსპორტი
ჩინეთი მეშვიდეა საქართველოს საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში. იანვარ-მაისში ექსპორტი წლიურად 41.2%-ით შემცირდა და 113.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 5%-ია.
ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $72.6 მლნ;
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $15.8 მლნ
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $10 მლნ;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $4.2 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $3 მლნ.
ცნობისთვის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა. საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმა. ამასთან, მიმდინარე წლის 28 მაისიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში.