ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვენესუელას წინააღმდეგ ბლოკადის გამოცხადებას გამოეხმაურა. როგორც ოფიციალურ უწყებაში აცხადებენ, ნავთობტანკერების მიმოსვლის შეზღუდვა და ამ გზით სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლა მიუღებელია.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ აღნიშნა, რომ ვენესუელელ კოლეგასთან საუბრისას ქვეყანას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამასთან, განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოს საკუთარი ღირსების დაცვის ყოველგვარი სამართლებრივი უფლება აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პირველმა დიპლომატმა ტრამპის ადმინისტრაცია ისე გააკრიტიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უხსენებია, რაც მიანიშნებს, რომ ოფიციალური პეკინი ვენესუელას გამო ზესახელმწიფოსთან დაპირისპირებისაგან თავს იკავებს.
ვანგ იმ განაცხადა, რომ ვენესუელას მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს და არავინ უნდა ზღუდავდეს მის შესაძლებლობას, ნავთობით ივაჭროს დაინტერესებულ ქვეყნებთან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახლა ოფიციალური კარაკასის გვერდით დგას და მას ბოლომდე დაუჭერს მხარს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ბოლო რამდენიმე კვირაში ვენესუელას აკვატორიაში ამერიკის შეიარაღებული ძალების დიდი კონტინგენტი განალაგა, გამოსცა განკარგულება, რომელიც სანქცირებული ნავთობ-ტანკერების ვენესუელას წყლებში შესვლას და იქიდან გამოსვლას კრძალავს. ერთგვარი ბლოკადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია და მიზნად მადუროს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას ისახავს.




























