ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდრეგულაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, საერთაშორისო მოგზაურებსა და ტურისტებს ქვეყანაში ჩასვლისას აღარ მოუწევთ კარანტინის წესის დაცვა და იზოლაციაში ყოფნა.
ცნობისთვის, რომ 2020 წლის მარტიდან ჩინეთმა საკმაოდ მკაცრი შეზღუდვა მიიღო, რომელიც მოგზაურებს ავალდებულებდა, ჩინეთში ჩასვლის შემდეგ 14 დღე სასტუმროში, თვითიზოლაციაში გაეტარებინათ, 2021 წლიდან კი საკარანტინო პერიოდი 21 დღემდე გაიზარდა, რამაც ჩინეთში ტურისტული ნაკადი მკვეთრად შეამცირა.
2019 წელს ჩინეთში 670 მილიონი საერთაშორისო მოგზაური და ტურისტი ჩავიდა, 2021 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 128 მილიონამდე შემცირდა, რაც უმეტესწილად სწორედ მკაცრი კოვიდრეგულაციებით იყო განპირობებული.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 8 იანვრიდან საერთაშორისო მოგზაურებს მხოლოდ კოვიდტესტზე ნეგატიური პასუხის წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა, შემსუბუქდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის განკუთვნილი კოვიდრეგულაციებიც.
ნულოვანი კოვიდპოლიტიკის შემსუბუქება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორისაა: საზოგადოების პროტესტი, გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო საზოგადოებისა და სავაჭრო პარტნიორების მოწოდებები.
გარდა ამისა, კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლებმა გააცნობიერეს ის ფაქტიც, რომ ეკონომიკის შეზღუდვისა და ქარხნების საწარმოო პროცესების შეფერხების გაგრძელების შემთხვევაში, იზრდებოდა იმის რისკი, რომ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებს ჩინეთიდან გასვლის გადაწყვეტილება მიეღოთ და საწარმოო პროცესები სხვა ქვეყნებში გადაეტანათ. აღსანიშნავია, რომ წარმოების დივერსიფიკაციის სტრატეგიას აქტიურად განიხილავს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია - Apple.




























