მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი წამყვანი ამერიკული გამოცემების ჟურნალისტებს ქვეყნიდან აძევებს

5e720822a61ae
ნათია თაქთაქიშვილი
18.03.20 21:40
756
ჩინეთი სამი წამყვანი ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებს ქვეყნიდან აძევებს და მათ პრესის აკრედიტაციას ჩამოართმევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აკრძალვები შეეხება შემდეგი 3 ამერიკული გამოცემის ჟურნალისტებს: The New York Times-ი, Wall Street Journal-ი და Washington Post-ი. ამერიკელი ჟურნალისტების ნაწილის აკრედიტაციებს ვადა 2020 წელს გასდის.

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ჟურნალისტებს აკრედიტაციებს აღარ გაუგრძელებენ და მიზეზად აშშ-ის მიერ ჩინური მედიისათვის დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს.

გადაწყვეტილება შეეხება 13 ჟურნალისტს. მათ კონტინენტურ ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და მაკაოში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ და პრესბარათები 10 დღეში უნდა ჩააბარონ.

„ძალიან სამწუხაროა ჩინეთის მთავრობამ მსგავსი გადაწყვეტილება რომ მიიღო, მაშინ როცა უპრეცედენტო გლობალური კრიზისია COVID-19-ის გამო და სანდო ინფორმაციის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის“,- განაცხადა მართი ბარონმა, Washington Post-ის აღმსარულებელმა რედაქტორმა.

The New York Times-ის რედაქტორი დინ ბაქეთიც ეხმიანება ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორია მაშინ, როცა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია სჭირდება კორნავირუსის პანდემიის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში ჩინეთის მთავარ სახელმწიფო მედია სააგენტოებში მომუშავე ჩინელი პერსონალის რაოდენობაზე ზედა ზღვარი დააწესა. აღნიშნული შეზღუდვა იმ ჩინურ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედიებს ეხებათ, როგორიც არის Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily.