მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთიდან იმპორტირებული ნედლეულით ვმუშაობთ, რადგან ადგილობრივი ძვირია და ხარისხიც შედარებით დაბალია" - ,,ქოხი"

„ქოხი“

დიორამებისა და მინიატურების მწარმოებელი კომპანია „ქოხი“, რომელიც ბაზარზე 1 წელია გამოჩნდა, წელს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებასა და პროდუქციის პოპულარიზაციაზე აქტიურ მუშაობას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან წარმოების დამფუძნებელმა, გიორგი ეგუტიძემ განაცხადა.

წარმოების დამფუძნებლის ინფორმაციით, მოთხოვნა დიორამებზე სტაბილურად მზარდია და ხშირად, მომხმარებლების 2 თვით ადრე ჩაწერაც კი იწევს იმისათვის, რომ შეკვეთების დამზადება მოესწროს.

„მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ფიზიკური პირები არიან, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან, ან საყვარელი ადგილების დიორამებს გვიკვეთავენ.

დიორამების დამზადების ფასი 50 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს და ეს დამოკიდებულია კონსტრუქციის ზომასა და სირთულეზე. რეალიზაციას ონლაინ შეკვეთების სახით ვახდენთ.

ჩინეთიდან იმპორტირებული ნედლეულით ვმუშაობთ, რადგან საქართველოში, ადგილობრივი ნედლეული ძვირია და ხარისხიც შედარებით დაბალია.

ჩვენთვის გამოწვევაა ის, რომ ადამიანებს ჩვენი საქმიანობის კუთხით ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ,,“-აცხადებს ეგუტიძე.

მისივე ცნობით, გარდა მარკეტინგული აქტივობებისა, „ქოხი“ წელს საკუთარი სახელოსნოს მოწყობაზე მუშაობას იწყებს, რომელშიც საწყის ეტაპზე, დაახლოებით 5000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ინფორმაციისთვის, დიორამებისა და მინიატურების წარმოება „ქოხი“ ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს. სახელოსნო მწარმოებელს საკუთარ სახლშივე აქვს განთავსებული და მხოლოდ თვითონაა დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ დიორამა სამგანზომილებიანი სრული ზომის, ან მინიატიურული მოდელია, რომელიც შეიძლება საბრძოლო სცენას, ისტორიულ მოვლენას, ქალაქის ან სოფლის ხედებს ასახავს. მისი მთავარი დატვირთვა ისაა, რომ ნამუშევარი მაქსიმალურად რეალისტური უნდა იყოს.