ჩინეთმა ახალი სავიზო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროებში უცხოელი ტალანტის მოზიდვას ისახავს მიზნად. K Visa ძალაში 1 ოქტომბრიდან შევიდა.
ჩინეთის სავიზო ინიციატივამ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაიმსახურა, რა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამუშაო ვიზის H-1B-ის მოსაკრებელი გააძვირა და მიღების წესები გაამკაცრა მაშინ, როცა სილიკონის ველი კვალიფიციური უცხოელი კადრების მოსაზიდად, სწორედ ამ სავიზო პროგრამაზე იყო დამოკიდებული.
როგორ მუშაობს ჩინეთის K ვიზა?
ჩინეთის მთავრობამ სავიზო პროგრამა მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის უფრო ფართო გეგმის ნაწილად წარადგინა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მედიასთან აღნიშნა, რომ მიზანი STEM ინდუსტრიებში ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის "გაცვლისა და თანამშრომლობის" ხელშეწყობაა.
ვიზა უახლესი ხელსაწყოა რეფორმების სერიიდან, რომელიც მიზნად უცხოელებში ჩინეთის მიმზიდველობის გაზრდას ისახავს; რეფორმის ნაწილია ვიზების გაცემის გამარტივება და მუდმივი ბინადრობის ბარათის განახლებული სახით შემოღება.
K ვიზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება აღიარებული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისა და STEM-თან დაკავშირებული სფეროების ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ალტერნატივებთან შედარებით უფრო მოქნილ პირობებს ითვალისწინებს. ვიზის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ წინა კვალიფიციური მიგრანტების პროგრამებისგან განსხვავებით, ის არ საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან სპონსორობას.
ამ დრომდე ვიზასთან დაკავშირებული არაერთი ძირითადი დეტალი გაურკვეველი რჩება, მათ შორის, ვიზის ხანგრძლივობა და ასაკთან, განათლებასთან და სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.




























