მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება და ტაივანი მისი ნაწილი გახდება - სი ძინპინი

სი ძინპინი

ჩინეთის ლიდერის და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, სი ძინპინის განცხადებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 5%-ით მაინც გაიზრდება, რასაც მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინვესტორებს გარკვეული შეკითხვები უჩნდებათ ჩინეთის ეკონომიკურ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რადგან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისა და ტარიფების დაწესებას აანონსებს.

როგორც ძინპინი აღნიშნავს, მმართველი პარტია ყველანაირი საგარეო და საშინაო გამოწვევისთვის მზად არის, ამიტომ ინვესტორებს საქმე სანერვიულოდ არ აქვთ. საჯარო მიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა სუბსიდიების და დახმარების პაკეტების ამოქმედებასაც არ მოერიდება, რათა სამიზნე 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნეს.

გარდა ამისა, სი ძინპინა ტაივანის შემოერთების საკითხზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ტერიტორია ჩინეთის სუვერენიტეტის ნაწილია და ამ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. როგორც ის ამბობს, თუ საჭირო იქნება, ტაივანის გაერთიანებისათვის პეკინი სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ მოერიდება, რადგან მას ამის უფლება აქვს.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის რიტორიკა ტაივანის მიმართ განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ტაივანის დამოუკიდებლობას არც აღიარებს და არც მხარს უჭირს. ეს ისტორიული მნიშვნელობის განცხადებაა, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკა ერთიანი ჩინეთის იდეას უჭერს მხარს და ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ განიხილავს.

ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ტაივანი ჩინეთისგან თავის დაცვას ვერ შეძლებს და მისი რეუნიფიკაცია გარდაუვალი იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ, სი ძინპინმა ისიც განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებასაც არ გამორიცხავს, რათა მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისტორიული მისია აღასრულოს და ჩინეთი გააერთიანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები