ჩინეთის ხელისუფლებამ ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები ჩაატარა. სამხედრო სწავლების პროცესში ჩინეთის სახმელეთო, საზღვაო და სარაკეტო ძალები ჩაერთნენ, რომელთაც სიმულირებულ სამიზნეებზე, მათ შორის პორტებზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანეს.
ოფიციალური ტაიბეის ინფორმაციით, ტაივანის სიახლოვეს სამოცდათექვსმეტი ჩინური სამხედრო თვითმფრინავი და ოცამდე გემი დაფიქსირდა, რაც სამხედრო ძალის ყველაზე მასშტაბური ჩვენებაა, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარებულა.
ჩინეთის მხარე არ მალავს, რომ ეს წვრთნები მკაცრი გაფრთხილებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ტაივანის სუვერენიტეტის მხარდაჭერას ცდილობენ. თავად საკითხი ტაივანის აღიარებას უკავშირდება, რადგან ჩინეთი ამ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად, გარკვეული ქვეყნები კი — დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ. აღსაქმელად მცირედით რთულია ტაივანის საკითხზე ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ ამ კუნძულზე პრეტენზია ჩინეთს აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ტაივანს ჩინეთის ნაწილად არ მიიჩნევს და სამხედრო კუთხით ეხმარება.
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ჩატარებულ სამხედრო ცდებს ტაივანის სამხედრო ძალებმა უპასუხეს. ტაივანმა საჰაერო და საზღვაო ძალები მოაბილიზა და სანაპირო სარაკეტო სისტემები გაააქტიურა. პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტაივანისადმი ურყევი მხარდაჭერას ხაზი გაუსვა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჩინეთის მიერ ტაივანის დაშინების და კუნძულზე არასტაბილური ვითარების შექმნის მცდელობას ქვეყანა ტაივანთან ურთიერთობების გაძლიერების უპასუხებს. შეერთებული შტატები ხაზგასმით იმასაც, რომ რეგიონში არსებული სტატუს-კვოს ცვლილების წინააღმდეგია. ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებით, ჩინეთის აგრესიული რიტორიკა რეგიონალურ უსაფრთხოებას აუარესებს.
ჩინეთის სიფიცხე ნაწილობრივ ტაივანის ახალი პრეზიდენტის ბოლო განცხადებებს უკავშირდება. გასულ თვეში ლაი ჩინგ-ტემ ოფიციალური პეკინი მტრულ უცხოურ ძალად მოიხსენია და ჩინეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და იურიდიული სანქციები და ნაბიჯები დააანონსა, რამაც ტაივანის შიდა საქმეებში ჩინეთის ჩარევის მცდელობები უნდა აღკვეთოს. თავად ეს განცხადება ორიოდ კვირის წინ გაკეთდა, მაგრამ ჩინეთმა მათ მხოლოდ ახლა უპასუხა, რაც, სავარაუდოდ, პეკინში გამართულ ბიზნესფორუმს უკავშირდება, რომელშიც გლობალური კორპორაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სი ძინპინს, როგორც ჩანს, უცხოელ ინვესტორებზე უარყოფითი შთაბეჭდილების მოხდენა არ სურდა.
ექსპერტების შეფასებით, სამხედრო წვრთნები ემსახურება, როგორც ტაივანის ხელისუფლების და მოსახლეობის დაშინებას, ასევე — რეალურ მომზადებას პოტენციური კონფლიქტისთვის. არსებობს ვარაუდი, რომ ასე, ოფიციალური პეკინი ცდილობს ტაივანის მოსახლეობას საკუთარი ძლევამოსილება დაანახვოს და მიუთითოს, რომ დამოუკიდებლობის გზა, შესაძლოა, სისხლით იყოს აღვსილი. აღნიშნული, განსაკუთრებით აქტუალურია დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში გაჩაღებული ე.წ. “სავაჭრო ომის” გამო შეერთებულ შტატებს და ჩინეთს შორის ვითარება მკვეთრად დაიძაბა, ხოლო შტატებს და ტაივანს შორის, პირიქით, მეტად ნოყიერი გახდა.
თუ გახსოვთ, გასული წლის ივლისში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ტაივანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხედრო დაცვისთვის ფული უნდა გადაუხადოს. მისი თქმით, ტაივანი მის ქვეყანას ისე ექცევა, როგორც სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ სამხედრო დაცვის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებული შტატები არაფერს იღებს. იმ დროს, ეს განცხადება ერთგვარ დაშინებად ჩანდა, მაგრამ მილიარდერი პრეზიდენტის ამ ტაქტიკამ გაამართლა, რადგან რამდენიმე თვეში, ტრამპის გულის მოსაგებად ტაივანმა $15 მილიარდის ღირებულების ამერიკული სამხედრო ტექნიკის შეძენა გადაწყვიტა.
გამომდინარე იქიდან, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებს შორის მდებარე ტაივანი ამ რეგიონში ამერიკის მთავარი მოკავშირეა, ამერიკულ იარაღს ის ხშირად ყიდულობს. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, ტაივანმა სამხედრო აღჭურვილობის თერთმეტი პაკეტი მიიღო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ $21 მილიარდი შეადგინა. ბაიდენის პირობებში, ტაივანმა სამხედრო ბიუჯეტის პრიორიტეტებს გადახედა და დიდი მულტიფუნქციური სისტემების ნაცვლად შედარებით მცირე და მობილურ სისტემების შეძენაზე გადაერთო, მაგრამ $7 მილიარდი მაინც გადაიხადა. მომდევნო ოთხ წელიწადში, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზრდება.
ამერიკულ სამხედრო შეიარაღებას ტაივანი რამდენიმე მიზნით ყიდულობს. პირველი, რასაკვირველია, სამხედრო თავდაცვაა, რომელიც კუნძულს არსებობისთვის სჭირდება, მაგრამ, ამ მხრივ, არ უნდა დაგვავიწყეს მიკროჩიპები, რომელთა წარმოების მიმართულებით ტაივანი გლობალური ლიდერია. თუკი რამდენიმე ათწლეულის წინ მიკროჩიპების ფაქტობრივად 100% ამერიკაში იწარმოებოდა, დღეს, ეს ინდუსტრია ტაივანში არის ბაზირებული და შეერთებული შტატების მიერ ამ კუნძულის დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი, სწორედ ესაა.
გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე ტაივანის გამოჩენამდე, მიკროჩიპების უდიდესი მწარმოებელი სწორედ ამეირიკის შეერთებული შტატები იყო, ხოლო თავად ეს პროდუქტი — მიკროჩიპი, აერთოდაც ამერიკულმა Intel-მა შექმნა. დღეს, ტაივანზე მიკროჩიპების გლობალური ბაზრის წილის 66% მოდის, რაც ფაქტობრივად სრულად ერთი კომპანიის, TSMC-ის დამსახურებაა, რომელიც Apple-ისა და NVIDIA-ს მსგავს ამერიკულ კომპანიებს ემსახურება. საპირწონედ ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ბაზრის მხოლოდ 6% მოდის. დონალდ ტრამპის ამერიკაცენტრული პოლიტიკის ფარგლებში, მართალია, ამ წილობრივი მაჩვენებლის ზრდა არის მოსალოდნელი, მაგრამ ტაივანზე უარს ამერიკა მაინც ვერ იტყვის.
ამერიკისთვის უარის თქმას არც ტაივანი გეგმავს, რომელმაც, ბოლო წლებში, მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში ინვესტიციები გაზარდა. რამდენიმე თვის წინ, ტაივანურმა TSMC-მ შტატებში $100-მილიარდიანი ინვესტიცია დააანონსა, რომელიც არიზონის შტატში ხუთი ახალი საწარმოს მშენებლობას მოხმარდება. ინვესტიცია იმდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია, რომ ის თეთრ სახლში თავად პრეზიდენტმა წარადგინა. დონალდ ტრამპის თქმით, ეს “შესანიშნავი ნაბიჯია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა კომპანიამ გადადგა”. ამ დრომდე, TSMC-ის ამერიკაში $165 მილიარდი აქვს ინვესტირებული.