მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა

ჩინეთი

ჩინეთის ეკონომიკა მორიგ არასახარბიელო შედეგს აფიქსირებს - 2023 წლის IV კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5.2%-ით გაიზარდა, რაც წინასწარ დაგეგმილ მაჩვენებელთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის დონემაც 5.2% შეადგინა, რაც ასევე ნაკლებია ანალიტიკოსების პროგნოზზე.

არადამაკმაყოფილებელი შედეგები ინვესტორებმა საკმაოდ ნეგატიურად მიიღეს, ძირითადი ჩინური საფონდო ინდექსები საშუალოდ 3%-ით შემცირდა. CSI 300 ინდექსი, რომელიც შანხაის საფონდო ბირჟაზე დალისტულ უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, 2019 წლის მინიმალურ ნიშნულამდე დაეცა, რაც ერთწლიან პერიოდში 21%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ანალოგიური ვითარებაა სხვა ძირითად ჩინურ ინდექსებთან მიმართებითაც, მაგალითად, Hang Seng Index-ის ვარდნის მაჩვენებელი 28%-ს აღწევს.

ჩინური საფონდო ბირჟის არასახარბიელო შედეგები ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, საწარმოო ინდექსი ნახევარი წელია თითქმის ყოველთვიურად ეცემა; დეფლაციის პრობლემა უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცა და, რაც მთავარია, ქვეყნის სამშენებლო-დეველოპერული სექტორი კოლაფსის პირასაა, რომელმაც, შესაძლოა, საბანკო-საფინანსო სექტორიც ქვესკნელში ჩაიყოლოს.

ეკონომიკაში ასეთი რისკების დაგროვებას, ბუნებრივია, ინვესტორები პოზიტიურად არ იღებენ, რის გამოც ვხედავთ, რომ ჩინურ კომპანიებსა და ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის ჩადების სურვილი სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს, ეს კი ძირითადი ინდექსების ვარდნას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები