ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი მიიჩნევს, რომ თვის ბოლოს, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმების ოფიციალურად ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩმა აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი.
„მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ნდობა და პრაქტიკული თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგების ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო შეთანხმება თვის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები გახშირდება. ჩინური კომპანიების მიერ ბოლო დროს განხორციელებული პროექტები - საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსი - ამ ორი უძველესი ცივილიზაციის კეთილდღეობისა და აღორძინებისთვის ახალ ეპოქაში“, - თქვა ელჩმა.
ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე გაატარონ. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა.