ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას აგრძელებს. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, მომდევნო რამდენიმე თვეში, კომუნისტური პარტია ქვეყნის უდიდეს ბანკებში სულ მცირე $55 მილიარდს ჩაასხამს.
კონკრეტული თანხა, რომელსაც სოფლის მეურნეობის ბანკი, საკომუნიკაციო ბანკი და საფოსტო დანაზოგების ბანკი მიიღებენ, ჯერჯერობით, სრულად არ დაზუსტებულა, მაგრამ ეკონომისტების ვარაუდით, ფინანსური სექტორისთვის გამოყოფილმა სრულმა ბუსტმა, შესაძლოა, ერთი ტრილიონი იუანი, ანუ $140 მილიარდი შეადგინოს. ამ თანხას ჩინეთის ფინანსთა სამინისტრო, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბონდების გაყიდვით მოიზიდავს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ჩინეთის ეკონომიკა არც თუ ისე სახარბიელო ტემპით იზრდება, რასაც, უმეტესწილად, ჩინეთის მასშტაბით გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი განაპირობებს, რომელიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურად მწვავდება. გაკოტრებული სამშენებლო კომპანიებისა და ჩამოქცეული ბანკების ფონზე, ქვეყნის მასშტაბით 80 მილიონი უპატრონოდ დარჩენილი სახლია დაგროვილი. ქვეყანაში, სადაც მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართის დეფიციტია, სახლების უპატრონოდ დარჩენა ნამდვილად უცნაური ფაქტია. თუმცა ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს.
ჩინური სამშენებლო კომპანიები პროექტებს ქალაქების მასშტაბით ახორციელებდნენ, ანუ რამდენიმე კომპანიის კონსორციუმი დაუსახლებელ ადგილას მთელ ქალაქს აშენებდა, რაც ასობით საცხოვრებელ კორპუსს, გზებს და ინფრასტრუქტურას მოიცავდა. მოგვიანებით კი, ქვეყანაში კაპიტალი გაძვირდა და ადამიანებმა იპოთეკის აღებაზე უარი თქვეს. შედეგად, ჩინეთის უძრავი ქონების სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და სამშენებლო კომპანიებმა ახალი ქალაქების განვითარების პროცესი შეაჩერეს. ასე მივედით მოვლენამდე, რომელიც „მოჩვენებების ქალაქების“ სახელითაა ცნობილი. ჩინეთში ამჟამად ათობით ისეთი ნახევრად აშენებული ქალაქია, სადაც არაფერი ხდება და არავინ ცხოვრობს.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებული საკმაოდ რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ათობით მილიარდი დოლარის დაბუსტვას გულისხმობს, უმეტესწილად, სწორედ უძრავი ქონების კრიზისის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ბანკებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი საფონდო ბირჟაზე ამოყოფს თავს, რაც საჯარო ჩინურ კომპანიებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. ამ გზით, ჩინეთის ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება სურს.