მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ხელისუფლებამ გადახდისუუნარო ZHONGZHI-ს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ZHONGZHI

გადახდისუუნაროდ დარჩენილი და გაკოტრების პირას მყოფი საფინანსო ორგანიზაციის, Zhongzhi-ს წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ბრალად ედება საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის უხეში დარღვევა და საბანკო მომსახურების უნებართვოდ გაწევა. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ექსპერტები Zhongzhi-ს ჩრდილოვან ბანკს უწოდებენ, ანუ ორგანიზაციას, რომელიც კრედიტებს გასცემს, თუმცა ბანკად ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული და ამით უკანონო საქმიანობაშია ჩართული.

ჩინეთის მასშტაბით ჩრდილოვანი ბანკების სერიოზული პრობლემა არსებობს, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ ფაქტობრივად ყველა მსხვილი ბანკი სახელმწიფო საკუთრებაშია და ამ ბაზარზე შესვლა რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გამო საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, Zhongzhi-ს მსგავსი კომპანიები რისკზე მიდიან და საბანკო საქმიანობას ულიცენზიოდ ეწევიან, უმეტესწილად, საინვესტიციო ფონდის სახელით.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Zhongzhi Enterprise-მა ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანია ამჟამად გადახდისუუნაროა და მისი ვალდებულებების მოცულობა 65 მილიარდ დოლარს აღწევს.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვალის დრამატული ზრდა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Zhongzhi-ს პორტფელის უდიდესი ნაწილი ჩინური უძრავი ქონებისგან შედგება, თავად ეს სექტორი კი ამჟამად კოლაფსის პირასაა.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბანკები კომპანიაზე დამატებით ვალდებულებას აღარ გასცემენ, არსებული ვალის გასასტუმრებლად და დეფოლტის თავიდან ასარიდებლად კი ინვესტორების მხრიდან დამატებითი თანხის მოზიდვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას გაკოტრების გამოცხადება მოუწევს.

Zhongzhi-ს დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ წლების განმავლობაში ის კრედიტებს ისეთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებზე გასცემდა, რომელთაც არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და მათთან ურთიერთობას ტრადიციული ბანკები ერიდებოდნენ, თუმცა Zhongzhi-ს ხელმძღვანელობა მაღალი საპროცენტო სარგებლის გამო დიდ რისკზე მიდიოდა, რამაც საბოლოოდ კომპანია ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები