მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელ ინვესტორებს, CEO-ებს და აკადემიკოსებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტი და მმართველი კომუნისტური პარტიის ლიდერი სი ძინპინი პეკინში ამერიკელ ბიზნესლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, ინვესტორებს და აკადემიკოსებს შეხვდა.

მართალია, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თუმცა მის მიზანთან დაკავშირებით ოფიციალური უწყება ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკელებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე ესაუბრა.

ექსპერტების შეფასებით, შეხვედრის მიზანი ქვეყნის მიმართ იმ მსხვილი ინვესტორების ინტერესის გაღვივება იყო, რომლებმაც ბოლო დროის განმავლობაში ალტერნატიული ბაზრების ძებნა დაიწყეს და ყურადღება სხვა ქვეყნებზე გადაიტანეს, მათ შორის, ინდოეთსა და იაპონიაზე.

გარდა ამისა, სი ძინპინმა ჩინეთის მასშტაბით გამკაცრებულ რეგულაციებზე და ახალ საკანონმდებლო ჩარჩოზე ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, ცვლილებები ინვესტორების დაცვას და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება, ამიტომ ამერიკულ კომპანიებს სანერვიულო არაფერი აქვთ, ისინი ისევ უპრობლემოდ შეძლებენ საქმიანობს გაგრძელებას.

კიდევ ერთი საკითხი FDI-ს მოცულობის 8%-ით შემცირებას უკავშირდებოდა. ძინპინის თქმით, ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც კოვიდპანდემიით და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებით იყო განპირობებული. მისი თქმით, ჩინეთის ეკონომიკა ჯანსაღია და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მომავალში აუცილებლად აღდგება.

როგორც ცნობილია, მაღალი რანგის შეხვედრას Blackstone-ის, FedEx-ის, Qualcomm-ის და სხვა მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები