მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის საგარეო მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩინეთი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.

„ირანში უსაფრთხოების კუთხით არსებული ამჟამინდელი ვითარების ფონზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ირანში ჩინეთის საელჩო და საკონსულოები ჩინეთის მოქალაქეებს მოგიწოდებთ, გააძლიეროთ უსაფრთხოების ზომები და რაც შეიძლება მალე დატოვოთ ქვეყანა. მათ კი, სხვადასხვა მიზნით ირანში გამგზავრებას გეგმავთ, გთხოვთ, დროებით თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან”, - წერია ოფიციალური პეკინის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების, ასევე ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მისცა. გასულ დღეებში მსგავსი შინაარსის განცხადებები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა, შვედეთმა, გერმანიამ, ავსტრალიამ, სერბეთმა, სამხრეთ კორეამ და ინდოეთმა გააჟღერეს.

მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო უკვე რეალურად განიხილავს აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყებას, რისი ალბათობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს ფაქტი, რომ ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის ჟენევაში გამართული ბირთვული მოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა, პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ე.წ. დედლაინის დრო კი იწურება.

ამას ემატება ფაქტიც, რომ 2000-იანი წლების დასაწყისის ავღანეთისა და ერაყის ომების შემდეგ ამერიკულ მხარეს ამ მასშტაბის სამხედრო ძალა ახლო აღმოსავლეთში არ გადაუსროლია. საუბარია ორ ბირთვულ ავიამზიდზე, წყალქვეშა ნავებზე, ასევე ასობით გამანადგურებელსა და სადაზვერვო თვითმფრინავზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები