ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და საიმპორტო შეზღუდვების გამკაცრების ფონზე, ირანში საწვავის დეფიციტმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. როგორც ირკვევა, თეირანის ავტოგასამართ სადგურებთან მძღოლების ხანგრძლივი რიგები წარმოიქმნა, რადგან მოსახლეობა ფასების მოსალოდნელი ზრდის გამო ავზების წინასწარ შევსებას ცდილობს.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელთა ცნობით, ბაზარზე ბენზინის სადღეღამისო დეფიციტი 14-15 მილიონ ლიტრს აღწევს. ირანის ენერგოეფექტურობისა და სტრატეგიული მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სექტორში არსებული კრიზისი რეკორდულმა მოხმარებამ, საომარი მოქმედებების შედეგად ენერგოინფრასტრუქტურის დაზიანებამ და საბიუჯეტო პრიორიტეტების ცვლილებამ გამოიწვია.
შექმნილი ვითარება ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს, რასაც აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის შეფასებით, ვაშინგტონის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებიც ამძიმებს.
ზოგადად, საწვავის ფასები ირანში განსაკუთრებით სენსიტიური თემაა, სადაც სახელმწიფო სუბსიდიების წყალობით მოსახლეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი ბენზინით სარგებლობს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თვეების განმავლობაში აფრთხილებდა, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი გახდებოდა, რადგან ენერგოობიექტებზე მიყენებულმა დარტყმებმა და ამერიკულმა საზღვაო ბლოკადამ საიმპორტო მიწოდება პრაქტიკულად პარალიზებული გახადა.
ცნობისთვის, ირანი სანავთობო რეზერვებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა პალანეტაზე, თუმცა მისი ენერგოსისტემა იმდენად დაზიანებულია, რომ ქვეყანას ნავთობის გადამუშავების საკმარისი რესურსი აღარ აქვს.




























