ჩინეთის სახელმწიფო აქტივების განმკარგავი კომპანიის, China Huarong International Holdings-ის ყოფილი გენერალური მენეჯერი, ბაი ტიანუი სიკვდილით დასაჯეს. როგორც ქვეყნის მთავარმა მაუწყებელმა გამოაცხადა, დასახელებულმა პირმა 1.1 მილიარდი იუანის, ანუ $156 მილიონის ქრთამი აიღო.
როგორც მედია იუწყება, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, 2014-2018 წლებში, ტიანუი სახელმწიფოს სახელით ხელს აწერდა ისეთ ფინანსურ კონტრაქტებს, რომელთა გასტუმრების უნარიც თანხის მიმღებებს არ გააჩნდათ. განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას კი სწორედ ასეთი ნებართვების გაცემისთვის იღებდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის ჩინურმა სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ 2024 წელს გამოუტანა, თუმცა საქმე მხოლოდ მას შემდეგ დაიხურა, რაც ის სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმაც გაამტყუნეს.
ბაი ტიანუის დანაშაულს ჩინეთის მთავარ მაუწყებელზე “განსაკუთრებით სერიოზული” უწოდეს და განმარტეს, რომ აღნიშნული პირი ქვეყნისა და ხალხის ქონებას არ გაუფრთხილდა. ასევე განაცხადეს, რომ მან დააზიანა საზოგადოებრივი ინტერესი, ჩადენილი დანაშაული კი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახა.
ცნობისთვის, ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გამოაქვთ. იმის მიუხედავად, რომ სი ძინპინის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში კორუფციის არაერთი ფაქტი გამოვლინდა და აღიკვეთა, სასიკვდილო განაჩენი სასამართლომ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოიტანა.




























