მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის სამ ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან - როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

44332

ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.

ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილეს ქალაქში: პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაში ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება. პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებსა და სამზარეულოს ეცნობიან. მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გასული წლის თებერვალში შემოიღო, რის შემდეგაც ჩინეთში ვიზიტი 30 დღის ვადით უვიზოდაა შესაძლებელი. 2023 წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არის, საიდანაც წელს ყველაზე მეტად გაიზარდა ტურისტული ნაკადი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი მე-10 ადგილზეა - 96 333 ვიზიტით. მაჩვენებელი წლის ჭრილში 45%-ით არის გაზრდილი.

გასული 2024 წელი კი რეკორდული იყო - ჩინეთიდან 83%-ით მეტი, 88 583 ვიზიტი განხორციელდა.

ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები