მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჩინეთი

Financial Times-ის ინფორმაციით, ჩინეთმა თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ადმირალ დონ ჯუნს, რომელიც 2021-23 წლებში ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიას მეთაურობდა, გამოძიება კორუფციის მუხლით იკვლევს.

დონ ჯუნის საქმიანობის გამოკვლევა მცირე ნაწილია იმ მასშტაბური გამოძიებისა, რომლის ფარგლებშიც ჩინეთი ქვეყნის სამხედრო სამსახურში კორუფციულ სქემას იძიებს. დონ ჯუნი თავდაცვის რიგით მესამე მინისტრია, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო. ამავე მიზეზით დაითხოვეს თანამდებობიდან დონ ჯუნის წინამორბედიც - ორივე მათგანი პოსტზე პრეზიდენტმა, სი ძინპინმა წარადგინა.

მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის კორუფციულ გარიგებას ედავებიან თავდაცვის მინისტრს. მისი წინამორბედი თანამდებობის დაკავებიდან 7 თვეში გაათავისუფლეს და კომუნისტური პარტიაც დაატოვებინეს. მას ბრალად რამდენიმე სახის კანონდარღვევა, მათ შორის ქრთამის აღება ედებოდა.

Aljazeera-ს ინფორმაციით, ჩინეთი FT-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ მედიის საქმიანობა "ჩრდილების დევნას" ჰგავს.

ანტიკორუფციული მიზნით ჩინეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი არმიიდან, ერთ წელიწადში, მინიმუმ ცხრა მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.

დონ ჯუნი სხვა ქვეყნებთან ჩინეთის დიპლომატიურ სამხედრო ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი. მის საქმიანობას უკავშირდება ჩინეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობის ბოლო დროინდელი დათბობა, რასაც სექტემბერში ორი ქვეყნის სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრით დაგვირგვინდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები