მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორუფცია სოციალურ აგენტების დონეზე ან პოლიტიკური ზეწოლა | სანდრო ურუშაძე სოცდაუცველთა ბაზებში ბენეფიციარების ჭარბი რაოდენობის შეყვანაზე

სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე მიიჩნევს, რომ გასულ წლებში სოციალურად დაუცველთა ბაზებში მრავალრიცხოვანი ბენეფიციართა რაოდენობა შესაძლოა ან სააგენტოსა და სოციალური აგენტების დონეზე კორუფციის ან პოლიტიკური ზეწოლის შედეგი ყოფილიყო. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზიდან 163 000-ზე მეტი ადამიანის ამორიცხვამ ფართო ეკონომიკური და სოციალური დისკუსია გამოიწვია. ოფიციალური უწყებების განმარტებით, პროცესი ოჯახების გადამოწმებასა და პროგრამების ოპტიმიზაციას უკავშირდება, რათა სიაში ის ადამიანები დარჩნენ, ვისაც შემწეობის მიღება მართლა სჭირდება და ბაზების საბოლოო კორექტირების შემდეგ, ბიუჯეტმაც ათეულობით მილიონი ლარი დაზოგოს. თუმცა, მთავრობა არ საუბრობს იმაზე, თავის დროზე, საიდან მოხვდნენ ამ ბაზებში ის ადამიანები, რომლებიც ახლა ამორიცხულთა რაოდენობაში ითვლებიან.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გამორიცხავს იმას, რომ აღნიშნული ადამიანები მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო მოხვედრილიყვნენ სიაში, ან ის შემდგომ სიღარიბის დაძლევის გამო დაეტოვებინათ.

„იურიდიული ენით რომ ვისაუბროთ, ამას ჰქვია დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა. რა იყო ამის მიზეზი? - შეუძლებელია ასეთი რაოდენობა ოჯახების მოხვედრილიყო მხოლოდ მეთოდოლოგიური შეცდომის გამო. ეს აშკარად იყო ან კორუფცია - სოციალურ აგენტების დონეზე, სააგენტოების დონეზე, ან პოლიტიკური ზეწოლა, რაც ასევე შეიძლება კორუფციის ნაწილად ჩაითვალოს, როდესაც გარკვეულ ადგილობრივ ხელმძღვანელებს ან რომელიღაც პოლიტიკურ ლიდერებს ან მომავალ დეპუტატებს უნდათ, რომ მეტი ოჯახის გული მოიგონ ამ სოციალური დახმარების დანიშვნით", - განაცხადა სანდრო ურუშაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არ ჩატარებულა ღრმა, დამოუკიდებელი კვლევა, რომელიც სოციალური პროგრამების დაფარვას რეალურად შეაფასებდა, მის საკმარისობას და ეფექტიანობას. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის კრიტიკა მიემართება არა მხოლოდ იმას, რომ სოციალური პროგრამები უფრო მეტად პოლიტიკურ ამოცანებს წყვეტს, არამედ, რომ სახელმწიფოს მიდგომა სიღარიბესთან ბრძოლაში სისტემურად ხარვეზიანია:

”სამწუხარო რეალობა ისაა, რომ პროგრამის ამჟამინდელი მონაწილეთა რაოდენობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ სურათს. მეთოდოლოგიური ცვლილებები, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, კვლევებსა და ანალიტიკურ დასაბუთებაზე არ იყო დამყარებული; ეს იყო ძირითადად სუბიექტური და პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც თავად სისტემა დაამახინჯა. მეორე მხრივ, ცალკე სოციალური დახმარება თავისთავად ვერ ამოიყვანს მოსახლეობას სიღარიბიდან – ამისთვის აუცილებელია ეკონომიკის რეალური ზრდა და მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, განათლების ჯანდაცვისა და საბაზისო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“, - განმარტავს ურუშაძე „საქმის კურსთან ინტერვიუში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქვეყანაში 163 ათასით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 547 115 ადამიანს შეადგენდა, რაც იმავე წლის იანვრის მონაცემებზე 23%-ით ნაკლებია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, , თემაზე მუშაობის დაწყებისას ბაზაში შემწეობის მიღების უფლებამოსილების მქონე 184 000 ოჯახი იყო რეგისტრირებული. გადამოწმებული ოჯახების რაოდენობა, ოქტომბრის მონაცემებით, უკვე 80 000-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები