გუნდი, რომელსაც “გუანჯოუ ევერგრანდეს” სახელით ვიცნობდით ოფიციალურად გაუქმდა. მიზეზი ფინანსური დავალიანებებია, რომელიც კლუბის მმართველებს ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებისთვის 2025 წლამდე უნდა გადაეხადათ.
“წინა სეზონების მძიმე ფინანსური ტვირთის გამო, კლუბმა ყველა დავალიანება ვადამდე ვერ დაფარა. ჩვენ გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ყველა მხარდამჭერს მთელი საზოგადოების წინაშე და ვაფასებთ ყველა გულშემატკივრის გულისხმიერებას” - ნათქვამია “გუანჯოუს” განცხადებაში.
2010 წელს საფეხბურთო კლუბი “გუანჯოუ” უძრავი ქონების კომპანია “ევერგრანდემ” შეიძინა და მათი საფეხბურთო პოლიტიკა დღევანდელი არაბების მსგავსი იყო. კერძოდ ტოპ 5 ლიგიდან გამორჩეული მოთამაშეების გადაბირება დაიწყეს, მათ შორის 2015 წელს “ტოტენჰემ ჰოტსპურიდან” პაულინიო, ხოლო 2016 წელს “პორტოდან” ჯექსონ მარტინეზი ჩინეთისთვის სარეკორდო 42 მილიონ ევროდ გაიფორმეს.
კლუბში სხვადასხვა დროს იმუშავეს მსოფლიოს ჩემპიონმა მწვრთნელებმა მარჩელო ლიპიმ და ლუის ფელიპე სკოლარიმ, ასევე 2006 წლის იტალიის რიგებში მუნდიალის გამარჯვებულმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ.
ასეთი საკადრო გადაწყვეტილებებით გუნდმა 2011-დან 2019 წლის ჩათვლით ზედიზედ რვა ეროვნული ლიგა, ხოლო 2013 და 2015 წლებში აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
კლუბს ფინანსური დავალიანებები პანდემიის დროს შეექმნა, რომელსაც ვეღარ ისტუმრებდა, რის გამოც 2022 წელს მეორე დივიზიონამდე დააქვეითეს, ახლა კი მაშინ როცა ვალების რაოდენობამ 300 მილიარდს გადააჭარბა კლუბი ოფიციალურად გაუქმდა.
მათ მაგალითზე ჩინეთის საფეხბურთო ასოციაციამ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც გუნდებმა ამიერიდან “გონიერი” ინვესტიციები უნდა განახორციელონ, რაშიც ახალგაზრდული აკადემიების განვითარება და გრძელვადიანი გეგმების დასახვა იგულისხმება.